XXI საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები და ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ინფორმაციის სწრაფი გავრცელება და მანიპულირება სხვადასხვა პლატფორმებზე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. გამონაკლისი არც ქართული მედიაა, დეინფორმაციის გავრცელების კუთხით, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს საზოგადოების ცნობიერებას, ეჭვქვეშ აყენებს ფაქტებს და აბრკოლებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
როგორ გვესმის ინფორმაციული უსაფრთხოება?
ინფორმაციული უსაფრთხოება გულისხმობს იმ აუცილებელ ზომებს, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის დაცვას ზიანისგან, უნებლიე ცვლილებებისა და მანიპულაციებისგან. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ მედიისთვის, რომელიც ინტერნეტის და სოციალური ქსელების გავლენით უწყვეტი ინფორმაციის ნაკადით არის გარემოცული, როდესაც მასალის შინაარსი სწრაფად ვრცელდება და დიდი აუდიტორია მას მარტივად იღებს. ამ პროცესის დროს მცირე შეცდომებმაც კი შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
ქართული მედია, განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმები, ხშირად ხდება ცრუ ინფორმაციის სამიზნე, ასევე იდეოლოგიური ბრძოლის და პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტი. ყალბი ამბები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდება, როდესაც დიდია საზოგადოების აზრზე ზემოქმდების მცდელობა.
დეინფორმაციის გავრცელების მაგალითები საქართველოში
ერთ-ერთი მასშტაბური კამპანია დეზინფორმაციის გავრცლების კუთხით, პანდემიის პერიოდში გამოვლინდა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული სიცრუეები – ქართულ მედიაში აქტიურად, ყოველგვარი დასაბუთებისა და ფაქტის გარეშე გავრცელდებოდა. როგორიცაა, მაგალითად, ტყუილი და გამოგონილი ამბები ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მსგავს დეზინფორმაციას ხშირად არა მხოლოდ სოც. მედიაში, არამედ ზოგიერთ ტრადიციულ მედიაშიც ჰქონდა ადგილი, რამაც საზოგადოებაში შიშისა და გაურკვევლობის ატმოსფერო შექმნა.
გარდა ამისა, ქართულ მედიაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ძალები თუ ჯგუფები სპეციალურად ავრცელებენ არასწორ, დამახინჯებულ ფაქტებს საკუთარი მიზნების მიღწევისთვის. მაგალითად, ხალხში დამაბნეველი ან არასწორი ინფორმაციის მეშვეობით ცდილობენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას.
დეზინფორმაციის ზიანი დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის განვითარებისთვის საქართველოში
დეზინფორმაცია (ყალბი ინფორმაცია) ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მედია სივრცეში, კრიტიკულად სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროინტეგრაციისთვის. დეზინფორმაცია არა მხოლოდ ცრუ ან დამახინჯებულ ფაქტებს ავრცელებს, არამედ შეუძლია შექმნას მანიპულირების, დაყოფისა და სოციალური არეულობისთვის ხელშემწყობი გარემო. მისი გავრცელება სერიოზულ გამოწვევებს ქმნის, როგორც მოქალაქეთა ინფორმირებულობის, ისე ქვეყნის შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო პოზიციების თვალსაზრისით.
დეზინფორმაციის ზიანი დემოკრატიისთვის
დემოკრატია გულისხმობს მოქალაქეების თავისუფალ არჩევანსა და გადაწყვეტილებებს, მაგრამ როდესაც საზოგადოებას მიეწოდება ყალბი ან დამახინჯებული ინფორმაცია, არჩევანიც იქნება – შეცდომაში შეყვანილი. ამის შედეგად, მოქალაქეებმა შესაძლოა არ მიიღონ სწორად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რაც ხელს უწყობს დემოკრატიის ხარისხის უკუსვლას ქვეყანაში. შესაბამისად, დეზინფორმაცია აზიანებს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და გამჭვირვალობას.
დეზინფორმაციის გავლენა არჩევნებზე
ბოლო წლების განმავლობაში წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში საგრძნობლად შესამჩნევი გახდა. ყალბი ამბები ხშირად მიმართულია ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დისკრედიტაციისკენ, რაც ხელს უშლის მყარი და სამართლიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას. არასწორი ინფორმაციის გავრცელებით პროპაგანდისტები ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ არჩევნები წინასწარ გადაწყვეტილია, რაც აზარალებს მოქალაქეების აქტიურობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ჩართვას.
დეზინფორმაციის ზიანი ევროინტეგრაციისთვის
საქართველო, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მქონე ქვეყანა, ცდილობს გაწევრიანდეს ევროპულ სტრუქტურებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო. თუმცა, დეზინფორმაციის მავნე გავლენას, განსაკუთრებით კი რუსეთის მხრიდან, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას, შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა.
საქართველოში ხშირად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დასავლური ინსტიტუტების მიმართ სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას. ამგვარი დეზინფორმაცია ხშირად უკავშირდება მცდარ იდეოლოგიურ მითებს, როგორიცაა “ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის არ მოიტანს სარგებელს” ან “აშშ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს და ამისთვის ის ევროპული ვალდებულებების შესრულებას აიძულებს”. ამგვარი პროპაგანდის მიზანია მოქალაქეების დაშინება და მათში ეჭვის გაღვივება დასავლეთთან თანამშრომლობის შესახებ.
სხვა ქვეყნის ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში დაპირისპირებას შეუწყონ ხელი, აქტიურად იყენებენ დეზინფორმაციას. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედია და პროპაგანდისტული პლატფორმები სისტემატურად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს და ამისთვის დასავლური ფასეულობების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებებს ქმნის.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც დეზინფორმაცია ვრცელდება, პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება. ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკური ძალები იყენებენ დეზინფორმაციას იმისთვის, რომ მანიპულირება მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე, გააძლიერონ საკუთარი გავლენა, ან დისკრედიტაცია მოახდინონ პოლიტიკურ ოპონენტებზე. ეს მიზნები შეიძლება მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა არჩევნებზე გავლენის მოხდენა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება და ეროვნული სტაბილურობის ჩაშლა.
დეზინფორმაცია გამოიყენება ასევე საერთაშორისო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლადაც. მაგალითად, საარჩევნოდ, სისტემატურად ვრცელდებოდა ყალბი ამბები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციას და დასავლური ქვეყნების მხრიდან ეჭვების გაღვივებას საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე. ამგვარი ტიპის დეზინფორმაცია წარმოიშობა გარე სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, მხრიდან, რომლებიც ინტერესდებიან საქართველოს დემოკრატიის განვითარების შეფერხებით.
დეზინფორმაცია ხშირად გამოიყენება საზოგადოებაში კონფლიქტების გაღვივებისა და დაპირისპირების გამოწვევისთვის. ეს მეთოდი მიმართულია ეროვნული ერთიანობის და ქვეყნის საერთო ინტერესების წინააღმდეგ. რაც უფრო იზრდება მოსახლეობის გახლეჩვის დონე, მით უფრო ადვილი ხდება მათი კონტროლი და მანიპულირება, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს ქვეყანაში სტაბილურობას და განვითარებისათვის აუცილებელ გარემოს.
შესაბამისად, დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ ართულებს მის საერთაშორისო ურთიერთობებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გააგრძელოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზა, აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დეზინფორმაციის გავრცელებისგან ეფექტური დაცვა, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან.
მედიის როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში
ინფორმაციის გადამოწმების კუთხით აუცილებელია მედიის წარმომადგენლების გაძლიერებაც. ეს მოიცავს როგორც ტრადიციულ მედიას, ასევე ონლაინ პლატფორმებს. მედიამ უნდა განახორციელოს ფილტრაცია, არ გახდეს გამტარი დაუდასტურებელი და არასწორი ინფორმაციის.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოებას. ამიტომ, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ აქტიურად იმუშაოს მგავსი კანონდარღვევების გამოვლენისა და სისხლის სამართლის დანაშაულების პრევენციის მხრივ.
ინფორმაციული უსაფრთხოების ცოდნა ქართულ მედიას განსაკუთრებით სჭირდება, რადგან ეს იცავს არა მხოლოდ საკუთარი აუდიტორიის ნდობას, არამედ ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს. მედია სეგმენტი ყოველთვის იყო და იქნება თავდასხმის სამიზნე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედია ორგანიზაციებმა შექმნან ეფექტური მექანიზმები დეინფორმაციის წინააღმდეგ, რაც შეიძლება მოიცავდეს: ტექნიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ინფორმაცია ძალაა, და მის არასწორ გამოყენებას შეუძლია შეცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა.
მასალა მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში