წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, თუმცა ამ ინსტიტუტის მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან არჩევნებამდე არაერთი პრეტენზია ისმოდა.
როგორია Com Com – ის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი წინასაარჩევნოდ და რამდენად საფუძვლიანია მისი ხელმძღვანელის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ტენდენციური გადაწყვეტიებების შესახებ, ამ საკითხებზე პასუხების მოსაძლიებლად რამდენიმე ფაქტის განხილვაც საკმარისია.
კახა ბექაური, რომელიც 2014 წლიდან საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი და ამჟამად მისი თავმჯდომარეა, ბოლო წლებში მილიონერი გახდა. ამის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი განცხადება გაკეთდა, რა დროსაც წესით დამოუკიდებელ კახა ბექაურს, რეალურად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ. როგორც ფაქტების მოკვლევის შედეგად გაირკვა, მისი საქმიანობა ხშირად დაკავშირებულია ოპოზიციური პარტიებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან. ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა უკავშირდება სწორედ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვების ვალდებულებას, რასაც კრიტიკოსები მმართველი პარტიის სასარგებლო ქმედებად აფასებენ.
ბექაურის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც კომისიაში დანიშვნის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა, ეჭვის ქვეშ დგას და გარკვეულ კითხვებს ბადებს მისი მიკერძოებულობის შესახებ.
როგორ შეიცვალა ბოლო წლებში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ქონებრივი მდგომარეობა და რას უკავშირდება მისი ტენდენციური მიდგომები გარკვეული მედიასაშუალებების მიმართ? – ამ საკითხების გასარკვევად კახა ბექაურის სახელთან დაკავშირებული მონაცემები ღია წყაროების საშუალებით გადავამოწმეთ.
კახა ბექაური 2017 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს კომუნიკაციების კომისიას და ფლობს 33%-ს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის, “ორი ნაბიჯის,” აქციებიდან. მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ “ორი ნაბიჯის” დივიდენდებიდან მოდის, რაც 2023 წელს, 18.2 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2022 წელს ამ თანხამ 14.8 მილიონი ლარი შეადგინა. ეს კი დამატებით 3.3 მილიონი ლარის მატებას ნიშნავს. ამავე პერიოდში, ბექაურმა აღნიშნული კომპანიის საწესდებო კაპიტალში 9.1 მილიონი ლარი შეიტანა, რაც დეკლარაციის ერთ-ერთ უმსხვილეს ხარჯად არის აღნიშნული.
ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 2020-2023 წლებში მთლიანობაში 45.6 მილიონი ლარი მიიღო, რაც ყოველწლიურად ასე ნაწილდება: (https://shorturl.at/9mJzN)
როგორც მისივე დეკლარაციებიდან ჩანს, მისი ქონება 2021-2024 წებშუ 4 ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ბექაურის წლიური ანაზღაურება 2023 წელს 202,000 ლარს შეადგენდა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად საჯარო პირად აქცევს. 32-გვერდიან დეკლარაციაში მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება 22 ბინით და 13 მიწის ნაკვეთითაა წარმოდგენილი.
2024 წელს ბექაურის მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დამატებით შეიძინა სამი ბინა, რომელთა საერთო ღირებულება 700,000 დოლარს აჭარბებს. მათ შორისაა:
ბინა ასათიანის ქუჩაზე (126 კვ.მ) 203,000 აშშ დოლარად,
ბინა ასათიანის ქუჩაზე (126 კვ.მ) 201,000 აშშ დოლარად,
ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (69 კვ.მ) 300,000 აშშ დოლარად.
მოძრავ ქონებაში კახა ბექაურის მფლობელობაშია 7 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა შორის ყველაზე ძვირადღირებული მოდელები მოიცავს:
Range Rover Autobiography – 602,000 ლარი (2022 წელს შეძენილი),
Porsche Panamera GTS – 372,000 ლარი (2022 წელს შეძენილი),
Land Rover Defender – 326,000 ლარი (2023 წელს შეძენილი).
დეკლარაციის მიხედვით, ბექაურის საბანკო ანგარიშებზე ნაშთი 7.7 მილიონ ლარს აღემატება. აქვე მითითებულია, რომ მისი პორტფელი მოიცავს ისეთი კომპანიების აქციებს, როგორიცაა Spotify და Airbnb, რომელთა შეძენას მან 2022-2023 წლებში 599,000 დოლარი მოახმარა.
ბექაურის მეუღლე, ეკატერინე ბერიძე, მუშაობს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” და “რუსთავის წყალში” კომუნიკაციების დირექტორის პოზიციაზე, სადაც მისი ყოველწლიური ანაზღაურება 290,000 ლარს შეადგენს. დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია მსხვილი ხარჯები, მათ შორისაა 51,000 ევროს ღირებულების საყიდლები, 134,000 ლარის ავიაბილეთები, 50,000 დოლარის სამოგზაურო ხარჯები და სასროლეთის მოწყობაზე დახარჯული 109,000 ევრო.
ამასთან, ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა ასახავს 2023-2024 წლებში ბექაურის და მისი ოჯახის ქონებრივი ზრდის დეტალებს. (https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/154854) (https://declaration.acb.gov.ge/Home/DownloadPdf/147482)
კახა ბექაურის ფინანსური წარმატების ანალიზისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება, რომელიც მის პოლიტიკურ კავშირებსა და ფინანსურ კეთილდღეობას კორუფციულ რისკებთან აკავშირებს.
ბექაურის კარიერა და მისი გავლენა კომუნიკაციების კომისიაში მიუთითებს მჭიდრო კავშირებზე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“. კომისიის თავმჯდომარის როლში მან პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სექტორის, კომუნიკაციების რეგულირების, მმართველობა ჩაიბარა, რაც მნიშვნელოვან ძალაუფლებას უკავშირდება და, შესაბამისად, პარტიული მხარდაჭერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ასეთმა მჭიდრო კავშირმა, შესაძლოა, მის საქმიანობას მეტი პოლიტიკური წონა მიანიჭა და გარკვეული გადაწყვეტილებების სანდოობაც ეჭქვეშ დააყენა.
ბექაურის ქონებრივი დეკლარაცია აჩვენებს მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებას, რომლის ძირითადი წყარო არის „ორი ნაბიჯიდან“ მიღებული დივიდენდები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალია და კანონიერია, მისი თანამდებობრივი შემოსავლები და დივიდენდებით მიღებული სარგებელი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი პირებისთვის დამახასიათებელ საშუალო სტანდარტს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს კი ქმნის სიღრმისეულად გამოკვლევის საჭიროებას, რათა გამორიცხული იყოს თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი ფინანსური ინტერესების განსამტკიცებლად.
ბექაურის საქმიანობის ანალიზისას მნიშვნელოვანია მისი შემოსავლისა და ქონებრივი ზრდის გამჭვირვალობა და შესაბამისობა. საჯარო სამსახურში მაღალანაზღაურებადი თანამდებობის მქონე პირი, რომელსაც ამავე დროს აქვს მაღალი დივიდენდები და სერიოზული კომერციული საქმიანობა, შესაძლებელია, იყოს სუსტი წერტილი კორუფციული რისკების მხრივ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამგვარი ფინანსური ზრდა ბუნდოვანი ხდება საჯარო და კერძო ინტერესების გადაკვეთის ფონზე.
მოძიებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბექაურის ფინანსური კეთილდღეობა და მის პოლიტიკურ გავლენასთან დაკავშირებული ფაქტორები შესაძლოა, გარკვეულწილად უკავშირდებოდეს კორუფციული რისკების შესაძლებლობას. მისი საქმიანობის და შემოსავლების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საჯარო სარგებელი პირადი ინტერესებიდან მკაფიოდ იყოს გამიჯნული. რათა გამორიცხული იყოს ძალაუფლების არაკანონიერი გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად, ამ საკითხის გამოძიება უკვე სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა.
სტატია მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში