შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან 15 ოქტომბერს დილით ხანძარი გაუჩნდა ქიმიური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ სატვირთო გემს, სან-მარინოს დროშით მცურავ WINE TRADER-ს. ბოლო ორ დღეში ეს მეორე შემთხვევაა.
რუმინეთის სამხედრო-საზღვაო უწყების საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის, ქალაქ სულინიდან დაახლოებით 13 მილის მანძილზე მყოფი გემიდან მიიღეს შეტყობინება ხანძრის შესახებ, რასაც სამაშველო ოპერაციის დაწყება მოჰყვა.
გემის ეკიპაჟის 12 წევრიდან 4 უსაფრთხოდაა, 8 დაკარგულად ითვლება. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან რუმინეთის არმიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.
მეორე ინციდენტი ბოლო ორ დღეში
14 ოქტომბერს საღამოს შავ ზღვაში, რუმინეთის ქალაქ სულინის მახლობლად ხანძარი გაჩნდა კომორის დროშით მცურავ სატვირთო გემზეც Yara J.
რუმინეთის მეზღვაურთა პროფკავშირის ინფორმაციით, გემზე უპილოტო აპარატით შეტევა იყო. 17-წევრიანმა ეკიპაჟმა ხანძარი თავისი ძალებით ჩააქრო. არავინ დაშავებულა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ამ დრონების კავშირი გემ Yara J-ზე გაჩენილ ხანძართან დადასტურებული არ არის.
- რუმინეთის მეზობელ უკრაინაზე რუსეთის შეტევებისას ხშირია დრონების შეღწევა რუმინეთის საჰაერო სივრცეშიც. იყო დრონების ჩამოვარდნის და აფეთქების არაერთი შემთხვევაც.
2026 წლის ოქტომბერში უპილოტო აპარატებით ოთხ სატვირთო გემზე იყო შეტევა შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთანაც. ორი მათგანი ჩაიძირა.
radiotavisupleba ახალი ამბები