„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციოს მიერ მისი პარტიისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ. ამ თემაზე კერესელიძემ დღეს, 26 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა.
„ჩვენ ვერ ვიგებთ, რაში მიგვიძღვის ბრალი დანაშაული და გვითხარით, იქნებ თქვენ გვითხრათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, წევრებს – რაში გვედება ბრალი. რეალურად ვერც გვეუბნებიან, ვერ გვეუბნებიან ვერც „ოცნების“ წარმომადგენლები და ამბობენ – მერე გეტყვით… იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, აუკრძალავენ მას პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება იმიტომ, რომ ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში თუ ჩვენს პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი უკვე აღარ გვექნება, არანაირი ფასი და ძალა ამ მანდატებს აღარ ექნება“, – თქვა კერესელიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტი 2025 წლის 20 ოქტომბერს შეწყვიტა და პარლამენტში 12 დეპუტატი შევიდა.
netgazeti