26 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა.
ეს განხილვების მეოთხე დღეა. ჯერჯერობით პლენუმს ამ პარტიების არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.
„გამიჯვნაზე უარი“ და „თავის შეკავება“
26 ოქტომბრის სხდომაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი მოკლედ წარადგინა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ გორდულაძემ.
მან ჩამოთვალა ოპოზიციური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების ის ქმედებები თუ გარემოებები, რაც, მმართველი პარტიის თანახმად, მეტოქეთა აკრძალვის საფუძველია.
მმართველი პარტიის არაერთი არგუმენტის ჩამოთვლისას ის ამატებდა: „აგრეთვე, მისგან გამიჯვნისგან თავის შეკავება“.
მისი გაკეთებული ჩამონათვალის თანახმად, მათ შორის, პარტიები იმიტომ უნდა აიკრძალონ, რომ არ გაემიჯნნენ:
- არჩეული ორგანოების აღიარებაზე განგრძობად უარის თქმასა და მათი მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციას;
- არასამთავრობო ორგანიზაციების „მცდელობას, შეექმნათ ე.წ ტექნიკური მთავრობა“.
„2019 წლის ივნისში, 2023 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე და 2025 წლის 4 ოქტომბერს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობები, მათი მხარდაჭერა და მათგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება“, – ასეთია მის მიერ დასახელებული ერთ-ერთი არგუმენტი.
პასუხისმგებლობა 2012 წლამდე პერიოდზე 2012 წლის შემდეგ დაფუძნებულ პარტიებს
სარჩელი ძირითადად ყოფილ მმართველ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს პასუხისმგებლობას 2003-12 წლებში „არაკონსტიტუციურ ქმედებებზე“, თუმცა ამ თარიღის შემდეგ შექმნილ პარტიებს პასუხისმგებლობას შემდეგნაირი ლოგიკით უნაწილებს:
- „2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომელთა ლიდერებიც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იყვნენ, მართალია, 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების უშუალო მონაწილეები ვერ იქნებიან;
- თუმცა 2012 წლის შემდეგ შექმნილი ეს პარტიები 2003-12 წლამდე პერიოდში არაადამიანური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემატურ და სისტემურ დანაშაულებს არ ემიჯნებიან.
- უფრო მეტიც, არათუ არ ემიჯნებიან, არამედ კოალიციაშიც კი შედიან ამ რეჟიმის შემქმენელებთან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
როგორც მან განაცხადა, – „ქართული ოცნების“ პოზიციით, – „ეს ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატიურ დარღვევებს და მათი მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი მხრიდან იმავეს განმეორების რეალური საფრთხე არსებობს“.
მაინც რა ედავებიან ოპოზციურ პარტიებს
- "ქართული ოცნების" სარჩელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" ედავებიან 2021 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული მოვლენებისგან არ გამიჯვნას, არჩეული ხელისუფლებისა და ინტიტუტების ლეგიტიმურობის უარყოფას, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებებისგან გაუმიჯნაობას, 2022 წელს ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მხარდაჭერას, საპროტესტო აქციების დროს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობების მხარდაჭერას, უცხოური ძალებისთვის ხელშეწყობასა და ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებით გამოწვეული, როგორ მოსარჩელე მიიჩნევს, ტერიტორიული მთლიანობისთვის საზიანო შედეგების მხარდაჭერას.
- “ქართული ოცნების" სარჩელში "ძლიერ საქართველო - ლელოს" ედავებიან არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას. 2022 წელს ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მცდელობის მხარდაჭერას, ალეკო ელისაშვილის ქმედებებისგან არ გამიჯვნას და როგორც მოსარჩელე უწოდებს, 2019–2025 წლებში კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობების მხარდაჭერას.
- სარჩელში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", კოალიციას “ცვლილებისთვის” პარტია, "ფედერალისტების" პარტიას ედავებიან: კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობების მხარდაჭერას, 2004–2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან გაუმიჯნაობას, არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფას, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
“წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ!“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
უარი ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობაზე
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური წერს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელში წერია, რომ არ ემიჯნებიან „გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობას“.
„2019 წელს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანიშვილის ხელმოწერით იქნა წარდგენილი. შესაბამისად, „ოცნების“ ლოგიკითვე, სასამართლოზე მოწმედ უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი“, -- მიიჩნევს პოლიტიკოსი.
"გახარია საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში "ჩორჩანას" საკითხზე ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა ბახტაძის, ვახტანგ გომელაურის, გრიგოლ ლილუაშვილის, გია ვოლსკის, მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანის და სოზარ სუბარის დაკითხვას ითხოვდა. თუმცა პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
მანამე ბიძინა ივნიშვილის მოწმის სახით დაბარების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს.
დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
radiotavisupleba ახალი ამბები