რუმინეთში საიდუმლოების გრიფი მოხსნეს დოკუმენტებს საპრეზიდენტო კანდიდატ ჯორჯესკუს შესახებ

2 weeks ago 14

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ გასაიდუმლოების გრიფი მოხსნა ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. 24 ნოემბერს ჯორჯესკუმ მოულოდნელად გაიმარჯვა არჩევნების პირველ ტურში. გამოძიების დეტალებს რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური აქვეყნებს.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის დამოუკიდებელ კანდიდატ ჯორჯესკუს კამპანიას TikTok-ში მხარს უჭერდა ათიათასობით ანგარიში, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ 2006 წელს შეიქმნა.

რუმინეთის დაზვერვის თანახმად, ჯორჯესკუს აგრესიული კამპანია სოციალური მედიის ალგორითმების გამოყენებით განხორციელდა, რამაც მას პოპულარობის მკვეთრად გაზრდის საშუალება მისცა. კამპანიის აქტიური ეტაპი არჩევნების დღემდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დაიწყო.

დაზვერვის თანახმად, TikTok-მა შეატყობინა რუმინეთის ხელისუფლებას, რომ მან გამოავლინა ანგარიშების პოტენციური ქსელი, რომელიც მონაწილეობს საარჩევნო კონტექსტში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისკენ მიმართულ ქმედებებში, ისევე როგორც ანგარიშების ქსელი, რომელიც დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება Sputnik-თან, რომლის სამიზნეა მომხმარებლები რუმინეთსა და მოლდოვაში.

კანდიდატმა ოფიციალურად გამოაცხადა „ნულოვანი“ ხარჯები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ TikTok-ის ერთ-ერთმა ანგარიშმა, bogpr, რომელიც რუმინეთის მოქალაქე ბოგდან პეშირს ეკუთვნის, კამპანია მილიონ ევროზე მეტით დააფინანსა, ნათქვამია გამოცემაში. TikTok-მა დაადასტურა 24 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში 381 ათასი აშშ დოლარის გადახდა მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჯორჯესკუს პოპულარიზაციას უწყობდნენ ხელს.

მომხმარებლებმა ჯილდოები მიიღეს FameUp პლატფორმის, ასევე სამხრეთ აფრიკული კომპანიის FA Agency-ის მეშვეობით, რომელიც ვიდეოების გავრცელებისთვის ათას ევროს იხდიდა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მეორე დღეს რადიო თავისუფლების რუმინულმა სამსახურმა ყურადღება მიაქცია ჯორჯესკუს ათასობით მიმდევარს TikTok-ზე. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამ პლატფორმის მომხმარებლები კანდიდატს არ ახსენებდნენ.

გარდა ამისა, სპეცსამსახურებმა მიუთითეს, რომ რუმინეთი გახდა რუსული ჰიბრიდული ოპერაციების სამიზნე, მათ შორის კიბერშეტევების, მონაცემთა ქურდობისა და დივერსიისა.

თავის მხრივ, რუმინეთის საგარეო დაზვერვის სამსახური გასაჯაროებულ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ რუმინეთი გახდა რუსული ჰიბრიდული ქმედებების, მათ შორის კიბერშეტევებისა და ინფორმაციის გაჟონვის სამიზნე.

2 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დაადასტურა. მეორე ტურში კალინ ჯორჯესკუ „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ხელმძღვანელს, ელენა ლასკონის დაუპირისპირდება.

ჯორჯესკუმ უკვე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში აკრძალავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს რუმინეთის გავლით და შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ლასკონი მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.

სრულად წაკითხვა