3 ნოემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის მფლობელიც კომპანია „სლავნეფტია”.
ქარხანაზე „მასშტაბური შეტევა” და ხანძარი, რის შესახებაც გამთენიისას წერდნენ მონიტორინგის უკრაინული არხები და რუსული მედია, დილით დაადასტურა იაროსლავის ოლქის გუბერნატორმაც.
- ქარხანა „სლავნეფტ-იანოსი“ ერთ-ერთია რუსეთის ხუთ ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის და წელიწადში 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
- ქარხნის მფლობელ „სლავნეფტს” კომპანიები „როსნეფტი" და „გაზპრომ ნეფტი" აკონტროლებენ.
რა არის ცნობილი
3 ნოემბერს დილის ცხრა საათისთვის იაროსლავის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვა „იგერიებდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბურ შეტევას იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სულ 124 უპილოტო”.
გუბერნატორის თანახმად, ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, დაჭრილია ორი თანამშრომელი, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
მანამდე „სლავნეფტ-იანოსზე“ უკრაინული დრონებით დარტყმისა და მასშაბური ხანძრის შესახებ დაწერეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა Exilenova+ და Supernova+ და დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ ASTRA.
- ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა „სლავნეფტ-იანოსს“ რამდენჯერმე დაარტყეს. წინა შეტევა 2026 წლის სექტემბერში იყო.
radiotavisupleba ახალი ამბები