რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ორი ახალგაზრდა დიღმის იზოლატორში იპოვეს

5 hours ago 3

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე, რომელთაც მეგობრები და ადვოკატი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, დიღმის იზოლატორში აღმოჩნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები. ისინი სავარაუდოდ, ნიღბების ტარების გამო დააკავეს.

კვარაცხელია და ტყემალაძე საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და გაიტაცეს. მომხდარის შემსწრე მეგობრები ჰყვებოდნენ, რომ ეს გააკეთეს პირებმა, რომელთაც არც პოლიციის ფორმა სცმიათ და არც თავი წარუდგენიათ, არამედ მოულოდნელად დაესხნენ თავს, არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, უბრალოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ახალგაზრდები მანქანაში და წაიყვანეს.

მარიამ ძიძარია ჰყვება, რომ როცა მან და მათმა კიდევ ერთმა მეგობარმა გადაღება დაიწყეს, უცნობმა პირებმა ერთმანეთს მოუწოდეს, “დროზე მოეგვარებინათ ყველაფერი”, შემდეგ კი გოგონებს დაემუქრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდების დაკავება დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. უწყების ცნობით, კვარაცხელია და ტყემალაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით დააკავეს.

ახალგაზრდების ამ ფორმით დაკავებას X-ზე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც და ამას ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ფორმა და ტერორი უწოდა.

„ტერორი საქართველოში. დემონსტრანტების გატაცება დაუდგენელი პირების მიერ, მანქანებით, რომელთაც უცხოური სანომრე ნიშნები აქვთ, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების კიდევ ახალი ვერსიაა. ვაშინგტონში იმისთვის ვიმყოფები, რომ გავაჟღერო ხმა ხალხისა, რომელიც თვლის, რომ მათ მოჰპარეს უფლებები და მომავალი!“, — წერს სალომე ზურაბიშვილი.

სრულად წაკითხვა