სალომე ასათიანი: „ერთი უცნაური და იდუმალი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ვერ ვითმენ“

1 week ago 13

 „ერთი უცნაური და იდუმალი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ვერ ვითმენ“ჟურნალისტი სალომე ასათიანი ფეისბუქპოსტში ყვება ორ სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედზე, რომელთა ტექსტებიც ძალიან უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს.

„ერთი უცნაური და იდუმალი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ვერ ვითმენ. გრძელი პოსტი გამომივა, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიზამ.

ფეისბუკის მეგობრებს შეიძლება გახსოვდეთ, რამდენიმე თვის წინ ბევრს ვწერდი სამხრეთ კორეელი მწერალი ქალის, ჰან კანგის რომან “ვეგეტარიანელზე”. ამ წიგნმა, რომელიც შემთხვევით მომხვდა ხელში ერთ მაღაზიაში, კინაღამ თავი დამავიწყა, დიდხანს სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. უწინარესად ემოციური რეაქცია მქონდა, არაერთი პირადი და ინტიმური მიზეზით – ამ წიგნმა ბევრ ისეთ რამეზე დამაფიქრა, რაზეც არ მქონდა ნაფიქრი და არც ვიფიქრებდი, ეს ტექსტი რომ არა. მაგრამ “ობიექტურად” და ყველა საზომითაც უძლიერესი წიგნია – ამბავი არაფრით გამორჩეულ დიასახლისზე, რომელიც ერთ ღამეს საღამურში ჩაცმული მაცივრიდან ხორცის მთელ მარაგს გადაყრის და გაოცებულ ქმარს მხოლოდ ერთ ფრაზას ეუბნება – რომ “სიზმარი ნახა”.

ვიცით, რომ ეს სიზმარი ბნელი, სისხლიანი და აგრესიული იყო. ქალის ეს საქციელი მოვლენების მთელ ჯაჭვს აძლევს ბიძგს, სააშკარაოზე გამოაქვს საოჯახო კლანის ბევრი საიდუმლო, ფარული ვნება, ძალადობა. სიუჟეტს აღარ მოგიყვებით (იმ იმედითაც, რომ დაინტერესდებით და წაიკითხავთ), მაგრამ გეტყვით, რომ “ვეგეტარიანელი” მხოლოდ ვეგეტარიანელობაზე არაა, გაცილებით შორს მიდის ამბოხების კოშმარული სცენარით. ქალი თანდათან საერთოდ უარს ამბობს ადამიანის ყოფაზე და ადამიანად ყოფნაზე და სწამს, რომ ხედ გადაქცევის პროცესშია. ის შიშველი სხეულით ეფიცხება მზეს, სველდება წვიმაში – რის გამოც ცხადია, შეშლილად მიიჩნევენ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავენ.

წინა კვირაში თბილისში ვიყავი და პოდკასტისთვის ინტერვიუ ჩავწერე საოცარ ქალთან, ირანული ლიტერატურის სპეციალისტთან და მთარგმნელთან, მზია ბურჯანაძესთან. ვისაუბრეთ ირანელ მწერალზე, სადეყ ჰედაიათზე, რომელსაც ჰან კანგი თავის ლიტერატურულ გურუდ მიიჩნევს. ქალბატონმა მზიამ მკითხა, საიდან დაინტერესდი ჰედაიათით და მისი იდუმალი რომანით “ბრმა ბუთიო” და ვუთხარი, ასე და ასე, სამხრეთ კორეელი ქალი მწერალი აღმოვაჩინე და ჰედაიათზე ის ლაპარაკობს-მეთქი. და “ვეგეტარიანელის” სიუჟეტიც მოკლედ მოვუყევი, ზემოთ როგორც დაგიწერეთ ისე.

ქალბატონი მზია მისმენდა და უცებ ღიმილით მითხრა ლია სტურუას ჩემთვის უცნობი ეს ლექსი:

„სულით დაავადებულთა სახლში,

სადაც პატარა ავადმყოფ კაცებს

თავი ჰგონიათ ღმერთები და გენიოსები,

ერთმა ქალმა,

ნაწვიმარმა და მგლოვიარემ,

შემომჩივლა,

რომ ის ხე არის მსხმოიარე

და აღარ ჰყოფნის ჭიქის წყალი

და ფანჯრის მზე,

რადგანაც მის ამწვანებულ თვალებს

და ფოთლებს, – გამოსხმულს მაჯებზე,-

სჭირდებათ მდინარე, გრილი და კეთილი,

და მზე, რომელიც არ იქნება დაფლეთილი

რკინის რიკულებით და კედლებით…

კაცებს კი შურთ მისი ბედი…

როცა ვინმესთან მოაქვთ ვაშლი –

მძიმე და მუქი –

ის იღიმება,

თითქოს ჯანსაღ შვილს უქებენ…

და ყველას უამბობს თავის საიდუმლოს,

მაგრამ მას ხვდებიან ცივი დუმილით…

სველ ზეწარში ახვევენ ვიღაცის ხელები,

ის კი ნაწვიმარი და მარტოხელა

მაინც ყველაზე ბედნიერია,

რადგანაც იცის,

რომ ხე არის მსხმოიარე…“.

გაოგნებული ვუსმენდი. ლექსი თავისთავადაც ძალიან ძლიერია, მაგრამ ყველაზე იდუმალი მისი გადაკვეთაა “ვეგეტარიანელთან”. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ორი სხვადასხვა და ერთმანეთისგან შორს მყოფი კულტურის ავტორმა ქალებმა ერთმანეთის ანარეკლივით ტექსტები დაწერეს. საოცარი ამბავია, მომნუსხველი. ჰოდა, აბა, როგორ არ მომეყოლა თქვენთვის“, – წერს სალომე ასათიანი.

სრულად წაკითხვა