"მონებო! მონებო!" - მოსამართლეებს რესტორანში შესვლა აქციის მონაწილეთა ასეთი შეძახილების ფონზე უწევთ.
“ეს მოსამართლეები უსულგულოდ არიან დაბადებულები. აღარც ის მჯერა, რომ საკუთარი შვილები უყვართ, დედას, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს, ის სხვის შვილსაც ითვალისწინებს. ახლა რა აჯილდოებენ? ანუ კარგად შეასრულეს დავალება და დღეს ქეიფობენ. ჩვენი შვილები გარეთ იქნებიან, მათმა შვილებმა იკითხონ, როგორ სახელს დაუტოვებენ შვილებს, თორემ ჩემი შვილი ჩემითაც ამაყობს, მე კიდევ ჩემი შვილით. დღეს ყველა მშობელი უსამართლოდ დაპატიმრებული რუსული რეჟიმის ტყვეების მშობელი, ყველა ამაყობს თავისი შვილით. 21-ე საუკუნეში პატრიოტიზმი ისჯება. ამას მივაღწიეთ? ეს გვინდოდა?”, - განაცხადა რესტორან „ბაბილოს“ წინ მისულმა მარინე აფციაურმა, 2024 წლის დეკემბერში დაკავებულ, ნიკა კაციას დედამ.
„ალბათ ყველა მიხვდება რესტორნის წინ რატომ ვდგავართ. ჩვენ არ გვექეიფება, დედები ვართ გამწარებული. სამშობლოს სიყვარულისთვის არ უნდა დაისაჯონ ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი ვაჟკაცებიც უნდა იყვნენ გარეთ და უნდა იქეიფონ, თუ საქეიფო დრო აქვს საქართველოს. მეტი სათხოვარი არაფერი გვაქვს, ნუ დაგვცინიან. სამართალმა უნდა იზეიმოს, - ამბობს დაკავებული გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
„რას აღნიშნავენ, ძალიან საინტერესოა, გუშინ და გუშინწინდელი სასამართლოს პროცესების მერე, რომ გაუშვეს ამდენი ბავშვი ციხეში. ვივლით ყველგან ამ ბანერებით, - ამბობს ირაკლი მიმინოშვილის დედა ელენე ხუნდაძე.
"ეს არის სამარცხვინო მოვლენა. მოსამართლე უნდა იყოს მაღალი ღირსების ადამიანი. ასეთი მონური ფსიქოლოგია, როგორ შეიძლება ჰქონდეთ? ვითომ არაფერი ხდება ქვეყანაში, რა ექეიფებათ!" - განაცხადა სისხლის სამართლის მუხლით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ.
რესტორანთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გავიდა მოსამართლეთა წვეულების მასპიინძელი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე, თუმცა მას კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
"ცოტა რომ დაწყნარდებით, გამოვალ და მოგცემთ ინტერვიუს", - უთხრა მან რესტორნის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს.
„ყველას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. მე არ ვიცი ცალკეული საქმეები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის შესაბამისად“,- განაცხადა რესტორანში შესვლისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.