სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! მთელი თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ – მანანა ნიკოლაიშვილი

5 months ago 6

ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია,” – აცხადებს განათლების დარგის ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში ბავშვები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, რისი მიზეზიც არის დროში გაწელილი პროგრამა და ის, რომ სკოლებში კლასიდან კლასში გადასაყვანი და საატესტატო გამოცდები გაუქმებულია.

მისი თქმით, სასკოლო განათლების სისტემა პოლიტიკურ გათვლებს ეწირება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოპოზიცია რეალური პრობლემების წარმოჩინების ნაცვლად აქცენტს არაპერსპექტიულ საკითხებზე აკეთებს.

28 ნოემბერს განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს პარლამენტში დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს, საკვანძო საკითხები კი იყო მასწავლებლების ხელფასები, სკოლებში ახალგახრდა კადრების დასაქმება, მოსწავლეების კვება და უფიქრია თუ არა განათლების სამინისტროს, რომ 11-წლიანი გახადოს სწვალება. ამის საპასუხოდ კი გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სისტემის შეცვლა არ იგეგმება.
“11 კლასზე საუბარიც არ ღირს. ის, რომ მე-12 კლასში დაბალი დასწრებაა, არ ნიშნავს სასკოლო პროგრამა 11-წლიან სასწავლო წელს დაუბრუნდეს. რაც შეეხება მე-12 კლასს და რეპეტიტორებს, – ვიცი ეს პრობლემა. სხვათა შორის რეპეტიტორობის ინსტიტუტი ცუდი პრაქტიკა არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს, უბრალოდ ჩვენთან მან სამწუხაროდ ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა. ითქვა, რომ თუ ადამიანი რეპეტიტორთან არ მოემზადა, ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევს – შესაძლოა ასეა, მაგრამ შესაძლოა რიგ შემთხვევაში ასე არც არის. ცალსახად ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები მაგრამ ერთი ფაქტია – ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა მანდ არის – რატომ არის საზომი და ამოცანა ბავშვისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარება! თუ გნებავთ რეალურ განათლების პრობლემის დისკუსიის თემაში შევიდეთ, ამ ჭრილში უნდა გადავიტანოთ დისკუსია.

„რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავაანონსე – ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში – ამ მიდგომით მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე ბავშვებს დავუბრუნებთ საშუალო საფეხურის, ანუ მე-9 მე-12 კლასს ვგულისხმობ, დანიშნულებას,” – განაცხადა მინისტრმა.

სკოლებში 12 წლიანი სწავლების წინაღმდეგია განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი, იგი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ გარდა ამ პრობლემისა, სასკოლო განათლების სისტემაში ზოგადად კრიზისია, დამამთავრებელ კლასებში მოზარდები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, გამოცდების დაბრუნება კი პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს.

12-წლიან სწავლებას საერთოდ არ ვემხრობი. ზოგადად სასკოლო განათლების სისტემაში საშინელი სიტუაციაა, ჩიხის ჩიხია, სახელმწიფო ბავშვებს სკოლაში ვერანაირ ცოდნას ვერ აძლევს, ეს მთავრობა ამის დალაგებას არ ფიქრობს. ბავშვები სკოლაში მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში საერთოდ არ დადიან, მთავრობამ ეს არ იცის? ზომებს რატომ არ იღებენ – დროში რატომ ჭიმავენ, გამოცდებს რატომ არ ნიშნავენ? შეიძლება ადამიანი სკოლას ამთავრებდეს და გამოცდას არ აბარებდეს? დროზე დანიშნონ გამოცდები! მშობლებს აღარ შეუძლიათ ბავშვების ამდენი გაცდენები. სააკაშვილის საგანმანათლებლო პოლიტიკას სულ ვაკრიტიკებდი და ძალიან ძნელი სათქმელია ეს, მაგრამ სააკაშვილმა ბავშვები სკოლაში ძლივს მოიყვანა და ამათმა დაფანტეს, ათი წელია ეს ქაოსია და ბავშვებმა არაფერი არ იციან. არანაირ რეფორმებს არ ატარებენ, სკოლებს არანაირ ავტონომიას არ ანიჭებენ.

“რა ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა?! – მთავარი ის უვარგისი სტანდარტების პროგრამების სახელმძღვანელოები ადგილზეა და, რაც მთავარია, საათობრივი ბადეები ადგილზეა. სინამდვილეში ღრმა რეფორმებია საჭირო და არაფერი არ კეთდება. სასწრაფოდ დანიშნონ კლასიდან კლასში გადასაყვანი და კატ-ის გამოცდები, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ და წიგნს ხელი მოჰკიდონ. ეს მავნებლური პოლიტიკაა. ბავშვი სკოლას რაც უფრო სწრაფად დაამთავრებს და დროში გაწელილი არ იქნება, მით უფრო კარგია, მაგრამ დრო რაც არ უნდა შემცირდეს, თუ გამოცდები არ იქნება, ეს ბავშვები სკოლაში მაინც არ ივლიან, თუნდაც ცხრა კლასამდე დაიყვანონ.

სრულად წაკითხვა