"საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია" - ევროპელი პოლიტიკოსები ყაველაშვილის არჩევაზე

1 week ago 6

რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი კრიტიკულად გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მიერ არაპირდაპირი წესით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას. მათი ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშიც იმყოფება.

"მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს ახალ პრეზიდენტად "არჩევა" მორიგი ნაბიჯია საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის "გლაიხშალტუნგის" (ნაცისტების მოგონილი ტერმინი, რომელიც მათ მიერ გერმანიაში ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას აღწერს - რ.თ.). მმართველი პარტია აღრმავებს დაყოფას საქართველოში, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს", - დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა x-ზე.

მომდევნო პოსტში მიხაელ როთმა დაწერა, რომ "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია".

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ დაწერა, რომ "ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცებას განაგრძობს".

"დღეს საქართველოში ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა. რაც ჩატარდა ფარსი იყო, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიებში", - წერს ლიეტუველი პოლიტიკოსი, რომელიც 11-13 დეკემბერს საქართველოში იყო ჩამოსული სხვა ექვს ევროპარლამენტართან ერთად.

"საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი ზურაბიშვილია, არჩეული თავისუფალი არჩევნების შედეგად", - დასძენს ის.

მსგავსი გზავნილი ჰქონდა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიჰკელსონს.

"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია", - დაწერა მან.

ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზოც გამოეხმაურა.

"დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილს, სურს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევა, ულტრა-მემარჯვენის და პრო-რუსის, როცა ყოველდღე ქართველები პროტესტს მართავენ დემოკრატიისა და ევროპისადმი თავისი ერთგულების გამოსახატად. ჩემი სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს განასახიერებს", - დაწერა მან x-ზე.

ნატალი ლუაზომ ასევე გააზიარა მარკო მიჰკელსონის პოსტი.

მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ლიდერმა - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მიულოცა.

14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

სრულად წაკითხვა