შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელსაც უმეტესად "ჰელსინკის კომისიის" სახელით იცნობენ, საქართველოში ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონპროექტის ინიციირებას ეხმაურება. 25 აპრილით დათარიღებულ ამერიკელ კონგრესმენთა განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა კვლავ ბრუნდება.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს, რომელიც სათაურით - "ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელთა პალატის ლიდერთა განცხადება, საქართველოში უცხოეთის აგენტის კანონპროექტის ინიციირებასთან დაკავშირებით" - მათ ვებგვერდზე, დღეს გამოქვეყნდა.
„დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულობით ბრძოლის შემდეგ, საქართველოში რუსეთის გავლენა ბრუნდება. მისდა სამარცხვინოდ, საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, მისი უახლოესი მეგობრების რჩევის საპირისპიროდ, კვლავ აწინაურებს რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონპროექტს. ეს კანონპროექტი, საქართველოს სულ უფრო და უფრო უკანმიმავალ დემოკრატიაზე სხვა თავდასხმებთან ერთად, მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, დათრგუნოს თავისუფალი აზრი და არადემოკრატიული გზით გააძლიეროს რეჟიმის ძალაუფლება.
აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა, ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარი იყო, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონკრეტულ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა კი ამის საპირისპიროდ, მას მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა.
"ფარასთან" ან დასავლეთის უცხოური გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც იმეორებს კრემლის მთავარ არგუმენტებს. შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლებას, ამ დესტრუქციული გზიდან გადახვევისკენ მოვუწოდებთ".