16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსტოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, უკვე ორჯერ თუ სამჯერ, დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენელი მიწვეული იყო თუმცა, არცერთხელ მიუღიათ მონაწილება.
"ჩვენ მათთან ჩართულობას ვცდილობთ, მაგრამ მათ არ სურთ ჩამოსვლა. შესაბამისად, უმაღლეს დონეზე მოწვევებს აღარ ვაგზავნით. ჩვენ ჩართულობის შესაძლებლობებს ვეძებთ", - თქვა კაია კალასმა.
გაფართოების ფორუმი
16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ამასთან დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
გუშინ 15 ნოემბერს ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვანტანგ მახარობლიშვილი "პუბლიკასთან" საუბარში ადასტურებდა, რომ ბრიუსელში მინისტერიალზე დასწრებას აპირებდა.
15 ნოემბერს, გაფართოების ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე „პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად იქნებოდა თუ არა 16 ნოემბერს გაფართოების მინისტერიალზე უპასუხა: „იდეაში, დაპატიჟებული ვარ; [აპირებთ, მიხვიდეთ?] კი, რატომაც არა. ვაპირებ, კი“, - უთხრა ელჩმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს.
რას ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო
როგორც საგარეო საქმეთა უწყებაში განაცხადეს, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის არ მიღების მიუხედავად "საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის."
მარტა კოსის კომენტარი
მარტა კოსმა შეკითხავზე შესაძლებელია თუ არა კავშირების განვითარება ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობების გარეშე უპასუხა, რომ
"სანამ ქვეყანა არ გადადგამს ნაბიჯებს შესაბამისი მიმართულებით, კერძოდ, ფუნდამენტური საკითხების კუთხით, ჩვენ წინსვლას ვერ შევძლებთ".
მისი სიტყვებით, "როგორც იცით, გვინდოდა გვქონოდა დიალოგი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ იანვარში საგარეო საქმეთა საბჭოზე, უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ დაანონსებული საქართველოს საკითხის განხილვა ამ მიმართულებით გარკვეულ წინსვლას მოიტანს. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ ჩვენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, კვლავ გავაგრძელებთ".
ვინ იმყოფება ბრიუსელში
ბრიუსელში, გაფართოების ფორუმზე, პარტია გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ზურა ჯაფარიძე და თინათინ ბოლოკაძე მონაწილებენ.
ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობები - გაფართოების ახალი ანგარიში
გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშდი საქართველო კვლავ მკაცრადაა გაკრიტიკებული.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:
- ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;
- საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;
- ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
- დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.
ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.
"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურამ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიში პოლიტიზებულად შეაფასა და ევროკომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატები შესთავაზა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.
radiotavisupleba ახალი ამბები