"საქნახშირში" უარყოფენ თანამშრომელთა გათავისუფლებას, მეშახტეები პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ

23 hours ago 5

კომპანია საქნახშირში უარყოფენ თანამშრომლების გათავისუფლებას, როდესაც მეშახტეების ნაწილი მათზე განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ.

როგორც საქნახშირში აცხადებენ, რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და პირველ იანვარს დასრულდება. მათივე განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელს კომპანიისვე დაფინანსებული 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზეს.

"ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში“, - შპს საქნახშირში ამბობენ იმასაც, რომ 38 შემცირებული ადგილიდან 20-მა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში პირველ იანვრამდე.

24 დეკემბერს ტყიბულის შახტში დასაქმებულმა ხვიჩა გაბუნიამ და გიორგი აბულაძემ განაცხადეს, რომ „საქნახშირმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ათობით მეშახტე, რომელთა უმეტესობა გათავისუფლებულთა სიაში პოლიტიკური პოზიციების გამო მოხვდნენ. მეშახტეები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და „ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას ღიად აპროტესტებდნენ.

„ეტაპობრივად ხდება მეშახტეთა გათავისუფლება ჩვენს წარმოებაში. დაიწყო რეპრესიები, გავიღვიძეთ შუა ბოლშევიზმში. ბევრი პოსტი მქონდა დაწერილი და გამოქვეყნებული, რომ ჩვენი გზა მეშახტეებო არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, წინსვლისკენ-მეთქი. რამდენჯერმე დამიბარეს კაბინეტში, მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებე, თუ არა შურს ვიძიებთო", - ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

გიორგი აბულაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ, შახტში მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, ამბობს, რომ მასთან ერთად გაათავისუფლეს ძმა და რძალი.

„გამომიგზავნეს პიროვნებები, იყო დაშინება, შენს თავს თუ არ უფრთხილდები, შენს ძმას და რძალს გაუფრთხილდიო, ისინიც კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. შეასრულეს სამივეზე ეს მუქარა. ეს არის პოლიტიკური რეპრესიები, განხორციელებული ჩემს ოჯახზე“.

მეშახტეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შპს "საქნახშირის" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 38-მა თანამშრომელმა თავად თქვა უარი სამსახურზე, რადგან არ დათანხმდა კომპანიის მიერ შეთავაზებულ პროფესიულ გადამზადებას.

"კადრების ოპტიმიზაციის პროცესია. თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიულ გადამზადებას - 3 თვის განმავლობაში მიიღებენ ანაზღაურებას, ექნებათ დაზღვევა, კვება და ყველა სოციალური ბენეფიტი, რაც ჰქონდათ. უნდა გაიარონ გადამზადება და გაუფორმდებათ ახალი კონტრაქტები, უკეთესი პირობებით. უმეტესობა ჩაერთო გადამზადების პროგრამაში. ვინც არ თანხმდება ამას, თავისი ნებით ტოვებს სამსახურს. საუბარია 38 ადამიანზე. "საქნახშირი" არავის დატოვებს უსამსახუროდ, მეტიც, ჩვენი ინტერესია მათ წინსვლაზე და პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა", - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.

"საქნახშირი" ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. ის ქვანახშირის მოპოვებას ტყიბულის საბადოდან აწარმოებს.

სრულად წაკითხვა