სახალხო დამცველი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გმობს

15 hours ago 2

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს პოლიტიკოს გიორგი გახარიასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას. ომბუდსმენი საგამოძიებო უწყებისგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ჟურნალისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მას გუშინ ღამით „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვითვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

სრულად წაკითხვა