ჟურნალისტი გურამ როგავა:
,,სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა, მეზობლებს პეტიცია შეუდგენიათ და მხარდაჭერის ნიშნად ხელმოწერებს ტოვებენ.
ამავე კორპუსში ცხოვრობს და ამ ლიფტით სარგებლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ჩემზე თავდასხმის ვიდეო, მხოლოდ მწვავე საჯარო რეაქციებისა და კრიტიკის შემდეგ აჩვენა “პირველი არხის” ეთერში.
დღეს ვიღაცას ეს ფურცელი ჩამოუხევია და უხამსი წარწერები დაუტოვებია. მეზობლებმა დაწერეს დახურულ ფეისბუქ-ჯგუფში, – ხელახლა დავბეჭდეთ და იმდენჯერ დავბეჭდავთ, რამდენჯერაც ჩამოხევთო.
მეზობლებო, მადლობა ამ მხარდაჭერისთვის და ჩემი გაძლიერებისთვის!
მეც მინდა თანადგომა გამოვუცხადო ჩემს კოლეგებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს. თანადგომას ვუცხადებ პატრიოტებს, ამ კრიმინალური რეჟიმის სამიზნეებად სწორედ პატრიოტიზმის გამო რომ იქცნენ.
ახლა ყველაზე მეტად, თქვენთან ერთად მინდა ყოფნა თბილისის ქუჩებსა და გამზირებზე. მეტირება, რომ შორიდან გგულშემატკივრობთ.
დღეს გამომწერეს საავადმყოფოდან და ხანგრძლივ რეაბილიტაციას ვიწყებ, სამწუხაროდ მეკრძალება გადაადგილება, მკაცრად განმიმარტეს, რომ ნებისმიერი უხეში მოძრაობა, ან მცირე დამატებითი ტრავმა გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, სულ მცირე, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა.
დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიზანმიმართულად გამიმეტეს, მაგრამ სასწაულებრივად გადავრჩი.
საავადმყოფოში აქციების დროს დაზარალებულები გავიცანი, მიყვებოდნენ, როგორ დაუნდობლად გაუსწორდნენ დაკავების დროს ქუჩაში, დაკავების შემდეგ მიკროავტობუსებში და ასევე, უშუალოდ წინასწარი დაკავების იზოლატორებში მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ.
გამომშვიდობებისას ასე მითხრეს, ახლა სახე ისეთი დასიებული და დალურჯებული გვაქვს, ვერ დაგვიმახსოვრებ, მაგრამ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ევროპულ საქართველოში და თავს აუცილებლად გაგახსენებთო.
აქვე, უდიდესი მადლობა ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალს, აქციების პირველივე დღიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და უდიდესი სტრესის მიუხედავად, თანაგრძნობის, გამხნევების უნარსაც არ კარგავენ.
ივანიშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოქალაქეებზე მიზანმიმართული ნადირობა გამოაცხადა და შიშის დანერგვით ცდილობს რუსეთში ცხოვრებას შეგვაგუოს. შემოგვისია ე.წ. შავი კაცუნები, რომლებსაც ყველაფრის უფლება მისცა, დაავალა, პირდაპირ ხერხემალში გვირტყან და ძირს დაგდებულებს სახეზე გადაგვიარონ.
ახლა თუ დავნებდით, ჯოჯოხეთში ვიცხოვრებთ, ოლიგარქიული მმართველობისადმი ლოიალურად განწყობილებსაც მოგწვდებიან ხერხემალში, მათაც მოგწვდებიან, ვინც ახლა ამ სისტემას მონურ მორჩილებას უცხადებთ.
ადრე თუ გვიან, იმ ნიუსრუმებშიც მოგწვდებიან, “ოცნების” ოფისიდან მიღებული დირექტივების თანახმად რომ დაახარისხეთ ეთერში საჩვენებელი კადრები.
…და ჩვენ მაინც დავინახეთ რეალობა!
თქვენი პროპაგანდა არ მუშაობს!
ბიძინა შიშველია!
ხალხი გაიმარჯვებს!”