სეული ადასტურებს, რომ უკრაინამ დაატყვევა ჩრდილოეთ კორეის ორი სამხედრო

7 hours ago 3

სამხრეთმა კორეამ დაადასტურა, რომ უკრაინამ დაატყვევა ჩრდილოეთი კორეის ორი სამხედრო. ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი უშიშროების აგენტები დაკითხვას უტარებდნენ რუსეთის კურსკის რეგიონში დატყვევებულ ორ მებრძოლს.

"უკრაინის დაზვერვის სააგენტოსთან რეალურ დროში თანამშრომლობით ... [სამხრეთ კორეის დაზვერვის ეროვნულმა სამსახურმა] დაადასტურა, რომ უკრაინის არმიამ 9 იანვარს ტყვედ აიყვანა ჩრდილოეთ კორეის ორი ჯარისკაცი, რუსეთში, კურსკის საბრძოლო ველზე" - ამბობს სეული გავრცელებულ განცხადებაში.

ზელენსკიმ 11 თებერვალს თქვა, რომ უკრაინის გამომძიებლები დაკითხვას უტარებდნენ ჩრდილოეთ კორეის ორ მებრძოლს, რომლებიც უკრაინის არმიამ დაატყვევა რუსეთის კურსკის რეგიონში.

ზელენსკიმ ტელეგრამით ასევე გაავრცელა სამხედროთა ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, დატყვევებულები არიან. მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება სამხედროთა ჩრდილოეთ კორეული წარმომავლობის შესახებ, თუმცა სეულის განცხადება ამყარებს ამ ინფორმაციას.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 11 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია საავადმყოფოს საწოლზე მწოლიარე ორი კაცი - ერთს ხელი აქვს შეხვეული, მეორეს ყბა-სახის არე.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, პატიმრები ლაპარაკობენ სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი თარჯიმნების მეშვეობით.

უკრაინის უშიშროების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტყვემ, რომელიც 2005 წელსაა დაბადებული, თქვა, რომ მისი ინფორმაციით ის მიდიოდა "წვრთნის გასავლელად და არა საომრად უკრაინის წინააღმდეგ".

მეორე კაცი იძულებულია პასუხები წერილობით წარმოადგინოს, ყბა-სახის არეში მიღებული დაზიანების გამო - ამბობს უკრაინის უშიშროება. ეს სამხედრო ამბობს, რომ 1999 წელსაა დაბადებული და ჩრდილოეთ კორეის არმიაში სნაიპერად მუშაობდა.

ამ მოვლენების ფონია უკრაინის მხრიდან შეტევების განახლება კურსკის რეგიონში, იმ მიზნით, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება. უკრაინამ სწრაფი შეტევით კურსკის რეგიონის არეალები პირველად 2024 წლის აგვისტოში დაიკავა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური შეჭრა იყო.

ჩრდილოეთმა კორეამ გასული წლის შემოდგომაზე გაგზავნა 11 000-მდე სამხედრო კურსკის რეგიონში, რუსეთის ძალების მხარდასაჭერად. მოსკოვმა კონტროლი დაიბრუნა ტერიტორიის 40 პროცენტზე, მაგრამ უკრაინის ძალები კვლავ აკონტროლებენ კურსკის რეგიონის 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტს. ვრცელდება ცნობები, რომ ფხენიანის ძალები ადგილზე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

სრულად წაკითხვა