თეატრალური უნივერსიტეტის წინ შეკრებილ მსახიობებსა და მოქალაქეებს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი შეხვდა.
აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ითხოვდნენ მასთან შეხვედრას და მისი პოზიციის მოსმენას 5 დეკემბერს დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის შესახებ.
თეატრალური უნივერსიტეტის წინ გამოსულმა გიორგი შალუტაშვილმა თქვა, რომ ის შეეცდება გაერკვეს დეტალებში. მისივე თქმით, ის ემიჯნება ძალადობას:
„პირადად მე, გიორგი შალუტაშვილი, რაც ჩემს ხელში იქნება, კანონი თუ მორალი, დავდგები ამ ოჯახის გვერდით, რაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში. ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ გულისამრევია და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, რა ვთქვა სხვა. სრული ინფორმაცია არაფერთან დაკავშირებით არ მაქვს. დილიდან ვზივარ და ამას ვიძიებ“.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეეცადა რექტორისთვის აეხსნა, რა ბრალდებითაა დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და რომ მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება:
„ანდრო ჭიჭინაძე იდგა აქციებზე, სადაც ჩვენ ვაპროტესტებს ქვეყნის წართმევას. ამ აქციებზე სისხლი გვანთხევინეს. ახლა ანდროს ედავებიან იგივეს, რასაც ჩვენ სპეცრაზმელები გვიკეთებენ და გვეუბნებიან, რომ ანდრო თურმე, სპეცრაზმელებზე თავდასხმას აპირებდა, რაც არის ფაბრიკაცია.
ანდროს პოზიციას თუ იზიარებთ და ხართ თუ არა სოლიდარული ანდროს მიმართ, რომელსაც ახლა ცხრა წელი ემუქრება იმისთვის, რასაც რეალურად ჩვენ გვიკეთებს სპეცრაზმი? ხართ თუ არა სოლიდარული ანდროს მიმართ?", - ჰკითხა აქციის მონაწილემ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი.
გიორგი შალუტაშვილმა აქციის მონაწილეს უპასუხა:
„სოლიდარული ვარ ყველა პატიმრის მიმართ როგორც ქრისტიანი, ახლა გასაგებია? მე მთხოვთ ხელისუფლების ნაცვლად პასუხს? მე მაქვს მორალური პოზიცია. გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ხელში იქნება“.
გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრის შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ჯერ ოპერისა და ბალეტის თეატრთან გადაინაცვლეს მსვლელობით, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრისკენ წავიდნენ. ისინი ამ წუთებში, მარჯანიშვილის თეატრის დარბაზში იმყოფებიან.
28 წლის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს.
ეს დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 6 დეკემბერტს 26-მდე გაიზარდა.