სომხეთის საგარეო პოლიტიკა “მთავარ ეტაპს” აღწევს – ფაშინიანი

5 hours ago 2

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვაშინგტონში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის შემდეგ გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუკზე, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის “დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მთავარ ეტაპს” აღწევს.

სომხეთის პრემიერის თქმით, ირანთან ურთიერთობა არის “უფრო კონკრეტული, ვიდრე ოდესმე” და “დაფუძნებულია ბუნებრივ ინტერესებზე, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტია”.

“ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რომელიც ხსნის ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს,” – აღნიშნა მან.

ფაშინიანი ამბობს, რომ “თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა”.

აზერბაიჯანთან ურთიერთობაში კი “სომხეთის რესპუბლიკამ შესთავაზა ყველა საკითხის კონსტრუქციული გადაწყვეტილებები”:

“წინადადებებით კი არ გამოსულა, არამედ შესთავაზა გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციის პროვოცირების ყველა მცდელობას არ აქვს ლეგიტიმაცია და საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში ესკალაცია წარმატებას ვერ მიაღწევს,” – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან, ფაშინიანის თქმით, “უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე და ორიენტირებულია კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე”.

“ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე,” – აღნიშნა მან.

“ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გაძლიერდა და განვითარდა. ევროკავშირთან ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა, ვიდრე ოდესმე, რასაც ბრიუსელშიც აღნიშნავენ. სტრატეგიული პარტნიორობა იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება.

ახალი შესაძლებლობები პარტნიორობისთვის შეიქმნა ახლო აღმოსავლეთში,” – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, დემოკრატია, ინკლუზიურობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები.

დოკუმენტზე ხელმოწერისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ მის განსახორციელებლად შეიქმნება სტრატეგიული პარტნიორობის კომისია. მან ასევე დაამატა, რომ სომხეთთან მუშაობა მიმდინარეობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გასაძლიერებლად და “ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის უსაფრთხოების სპეციალური ჯგუფი მომავალ კვირას ჩავა სომხეთში, რომ ერთობლივად იმუშაონ ამ მიმართულებით”.

“მიზანია გააძლიეროს სომხეთის უნარი გახდეს ძლიერი პარტნიორი და დაიცვას საკუთარი თავი”, – განაცხადა ბლინკენმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ვაშინგტონის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. მან აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის ითანამშრომლოს შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

“ერევანი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგისა და მისი განხორციელების მიმართ და აპირებს გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ამ საერთო მიზნის მისაღწევა”, – აღნიშნა მირზოიანმა დოკუმენტზე ხელმოწერის დროს.

სრულად წაკითხვა