სოხუმში რუსული დაფინანსების თითქმის სრულად შეწყვეტაზე საუბრობენ

2 weeks ago 9

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის დაფინანსების თითქმის სრული შეჩერების შესახებ განაცხადა.

“სიტუაცია ისეთია, რომ არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ჩვენი საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასის გარეშე დარჩნენ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და პატიოსანი ჩვენს მოქალაქეებთან. ყველამ კარგად იცით, რომ პირველი გარკვეული სიგნალები გაჩნდა საჯარო სექტორის თანამშრომლების, სოციალური სექტორის, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის გადასახადების შეზღუდვის დაწესებით. მაგრამ ნოემბრიდან, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით. ვიმეორებ, ეს ასევე შეეხო თავდაცვის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ფაქტობრივად, გარდა პენსიებისა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ.

გუნბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის” ფინანსური მხარდაჭერის გარეშე უკიდურესად რთულია სიტუაციის შენარჩუნება”.

“ამიტომ, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და გაიგონ, რომ ეს არის იძულებითი ღონისძიება,” – განაცხადა ბადრა გუნბამ.

მოქმედმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ აღნიშნა, რომ “უკანასკნელი კვირების განმავლობაში, მთავრობა ახორციელებს შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტის ყველა დონეზე, რომ უზრუნველყოს რუსეთიდან ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება, რომელიც გადახდილია 7 დეკემბრამდე”.

მისი თქმით, ნოემბრიდან დღემდე 425 მილიონი რუბლი საბიუჯეტო სახსრებისთვისაა გამოყოფილი. დელბამ აღნიშნა, რომ “რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დღემდე არც ერთ საჯარო დასაქმებულს არ მიუღია ხელფასი”. კერძოდ, უსაფრთხოების ბლოკი და სამართალდამცავი ორგანოები არიან დაფინანსების გარეშე, როგორც ხელფასის, ასევე სხვა საჭირო გადასახადების.

“ენერგეტიკა ყოველდღიურად იღებს ძალიან დიდი მოცულობის რესურსებს. რუსული ფინანსური დახმარება ხელფასებით შევცვალეთ, მაგრამ დღეს ეს უკვე შეუძლებელია. რუსეთის ფინანსური დახმარება ნაწილობრივ შეჩერებულია მიმდინარე წლის აგვისტოდან. რაც შეეხება საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის მუშაკთა ხელფასების თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების შესრულებას, ესენი არიან მასწავლებლები, არიან ჯანდაცვის მუშაკები, ყველა სოციალური მუშაკი,” – განაცხადა დელბამ.

დელბამ დაადასტურა, რომ თანადაფინანსება ნოემბრიდან უკვე მთლიანად შეჩერებულია. არ შემოდის თანხები სხვა ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად – თავდაცვისუნარიანობის, სამართალდამცავებისა და მედიკამენტების შესყიდვისთვის. ასევე მთლიანად შეჩერებულია საბიუჯეტო ინვესტიციების ფინანსური მხარდაჭერა, როგორიცაა საინვესტიციო პროგრამა და ბიზნეს სუბიექტების მხარდაჭერა.

“ამგვარად, წლის ბოლომდე ჩვენ ვერ მივიღებთ 1 მილიარდსა და 800 მილიონ რუბლს რუსული ფინანსური დახმარების სახით. ეს თანხები უნდა შეიცვალოს, რომ რუსული სახსრების ნაწილი იყოს უზრუნველყოფილი,”- აღნიშნა დელბამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადის შეჩერების შემთხვევაში მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.


“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა აფხაზეთის დაფინანსება პირველი სექტემბრიდან შეწყვიტა.

“პირველი სექტემბრიდან გარკვეული გადასახადების დაფინანსება შეჩერდა. ეს ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადის, რომელსაც ზამთარში ვაწყდებით, კომერციული ფასებით უნდა მოხდეს გადახდა,” – განმარტა შამბამ.

შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც აპირებს შეხვედრების სერიის გამართვას, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილოს.

“თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება. ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა შამბამ.

შამბამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხით. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა, სრულიად გამართლებული სანქციაა.

“სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ. თუ ზოგს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილად განიხილავენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ”, – განაცხადა შამბამ.

შამბამ ასევე კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლზე განაცხადა, რომ ბჟანია კოზაკს 19 აგვისტოს შეხვდა, ხოლო დოკუმენტი 26 აგვისტოს შეადგინეს.

“ამ დოკუმენტის წერის პროცესს პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ამიტომ ვერ დაადასტურა მისი ნამდვილობა. ერთადერთი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ განაცხადა, რომ არ აიღო არანაირი ვალდებულება მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ,”- აცხადებს შამბა.

შამბამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ისინი ცდილობენ გარკვეული “არხებით ამ დოკუმენტის მიღებას”, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი ჩამოსულა, რის გამოც მას, როგორც ნამდვილ დოკუმენტს, ვერ განსაზღვრავენ.

სრულად წაკითხვა