2 დეკემბერს, პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.
სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან.
პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება.
არაერთი ადამიანი დააკავეს.
პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც.
„არ დავიშლებით“, - ყვირიან დემონსტრანტები.
რუსთაველის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი.
პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა; ისინი განლაგებულები არიან ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც.
მათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მოაქციეს დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფი.
პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერიის წინ.
შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.
მცირე ხნით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააფრთხილა საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ „კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს“ გაატარებდა, თუკი ისინი არ შეწყვეტენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.