სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას კრძალავს

6 hours ago 3

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 14 იანვარს შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება იკრძალება. ღონისძიება შვიდი დღის განმავლობაში იქნება ძალაში. აფგან სადიგოვს, რომელმაც აზერბაიჯანი დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბრიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ აზერბაიჯანში ექსტრადიცია ემუქრება.  

2025 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა. აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც ჟურნალისტისა და რედაქტორის უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო. ამით, აფგან სადიგოვის საქმის განხილვა საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა დაასრულეს.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს 41-ე წესის საფუძველზე უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. ცენტრი ასევე აპირებს, რომ მიმართოს სატრასბურგის სასამართლოს და ითხოვოს დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადის გაგრძელება, რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს:

  • ჯეროვნად აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, ამ მიზნით მიიღონ ყველა ზომა, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დროული კოორდინაცია;
  • არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს, და უპირობოდ დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას  „ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარი, ჩამკეტი ზომა“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „სასამართლო ხანგრძლივ (მისი მხრიდან საკითხის საბოლოო განხილვამდე) დროებით ღონისძიებას მიიღებს ექსტრადიციის დაუშვებლობაზე“.

„იმედი მაქვს, ევროპული სასამართლოს დახმარებით სადიგოვების ოჯახის უსაფრთხოებას და თავისუფლებას დავიცავთ საბოლოოდ და მათ მრავალწლიანი ტანჯვის შემდეგ შვებას მოვუტანთ. იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობას შევძლებთ. აფგანის მეუღლე და მისი შვილები უკვე შევძელით გაგვეყვანა უსაფრთხო ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. თუმცა, დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. მან 242 დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ეუთო-მ, მოუწოდეს საქართველოს არ გადასცეს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა