საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის მიღებით დაასრულა. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების განმარტებით, ამით თითქოს ერის ზნეობის დაცვას ცდილობენ, სინამდვილში კი ნაბიჯ-ნაბიჯ კრემლის ნარატივებს იმეორებენ.
წინასაარჩევნო პერიოდში რეალური პრობლემების განხილვისა და მათი გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არარსებულ საჭიროებებზე გასცემდნენ დაპირებას და ამ გზით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო კასპშიც, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივებთან “ერთსქსესიანთა ქორწინების” აკრძალვის პირობას დებდნენ, რომელიც საქართველოში ისედაც არ არსებობს.
მსგავსი ნარატივებით თითქოს უნებლიედ, მაგრამ რეალურად მიზანმიმართულად, ხელისუფლება ხალხში ევროკავშირისადმი დისკრედიტაციას ეწეოდა და ამისთვის მითებს და დეზინფორმაციას იყენებდა. ეროვნული ღირებულებების დაცვით და წარსული ტრადიციების “გადარჩენით” თავს ერთადერთ “სამშვიდობო” პოლიტიკურ ძალად ასაღებდა და ამომრჩევლის “გულის მოგებას” შიშისა და დაძაბულობის დათესვით ცდილობდა.
ერთი შეხედვით სიცრუეზე აგებული საარჩევნო კაპანია, სინამდვილეში ზუსტად ახმოვანებდა იმ სამოქმედო გეგმას, რაც მოწყვლად ჯგუფებში სამუშაოდ, კრემლის უსაფრთხოების დოქტრინაშია გაწერილი.
FSB -ს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრეზიდენტი პუტუნი აწერს, კრემლს ზნეობისა და ტრადიციების დამცველ ხელისუფლებად წარმოაჩენს. უფრო მეტიც, ისტორიულ-კულტურული და ტრადიციული ღირებულებების “დაცვა და გადარჩენა” რუსეთში ლაიტმოტივად გასდევს ყველა სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხება.
ეროვნულ-კულტურული იდენტობისა და ქრისტიანული ზნეობის დამცველად კრემლი არა მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვევლინება. მიზანი ერთია, თავდაპირველად შეძლოს საზოგადოების აზრის ფორმირება, რასაც შემდეგ უკვე უფრო დიდი ამოცანის შესასრულებლად გამოიყენებს – მოიპოვოს გავლენა და დაამყაროს კონტროლი სამიზნე ლოკაციებზე.
საქართველოში, 2024 წლის სექტემბერში მიღებული კანონი, რომელიც ეხება “ოჯახური ღირებულებების” დაცვას, ზუსტად ემთხვევა კრემლის პოლიტიკურ ხაზს, რომლისთვისაც მთავარი ფუნდამენტი თითქოს ტრადიციული ოჯახის და ზნეობის გადარჩენაა.
კანონების პაკეტი, რომელიც მთელ რიგ აკრძალვებს ითვალსიწინებს, თვალთმაქცური სახელწოდებით, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვანებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია მაგალითად, სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია და ა.შ. კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან ის სინამდვილეში ცენზურის დაკანონებას, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს.
საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ ცდილობს “ევროპულ და დასავლურ” ორიენტაციასთან შესაბამისობაში დარჩენას, მეორე მხრივ, ამ პროცესში ხშირად მიემართება იგივე ტრადიციული ღირებულებების ხაზგასმისკენ, რომელსაც სწორედ კრემლი იყენებს და რეალურად, არაფერი აქვს საერთო ტრადიციების შენარჩუნებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი პატივს სცემს მისი წევრი ყველა ქვეყნის წარსულსა და ღირებულებებს. უფრო მეტიც, მათი გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის არაერთხელ გამოუხატავს სხვადასხვა სახის მხარდაჭერა.
ევროკავშირი არათუ ებრძვის ოჯახურ ღირებულებებს, არამედ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას.
რუსეთი კი არათუ ხელს უწყობს სხვა ქვეყნის ისტორიის შენარჩუნებას, არამედ პირიქით, ანგრევს და ანადგურებს იმ ტერიტორიებს და ხალხის ისტორიას, რომლებზეც გავლენებისა და კონტროლის მოპოვება სურს.
ამისთვის კი რუსეთის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს დეზინფორმაციის და მანიპულაციის გამოყენება წარმოადგენს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებასთან, ტელეარხებთან, სააგენტოებთან და სოციალურ მედიაში პროპაგანდის გამავრცელებელ ჯგუფებთან.
სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ვრცელდება მცდარი მოსაზრებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დეზინფორმატორების განცხადებით, ამ გაერთიანებაში, წევრი სახელმწიფოებისთვის ოჯახური ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები უცხოა.
რეალურად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროგრამის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან ასეულობით ათასი ევროს ოდენობის მხარდაჭერა მიიღო.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი არ ითხოვს არც საკუთარი წევრი სახელმწიფოებისა და არც მისი მეზობელი ქვეყნებისგან, მათ შორის საქართველოსგან (არც წერილობითი და არც ზეპირი სახით) ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია, მოქმედებს საკუთარი მოსახლეობის შეხედულებების (არჩევანის) შესაბამისად. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რეფერენდუმის გზით და ეს გადაწყველება არანაირად არაა დაკავშირებული არც ევროკავშირის ვალდებულებასთან და არც სხვა რაიმე მოთხოვნასთან.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ისეთი სახელმწიფოები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია: პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, სლოვაკეთი და ბულგარეთი. უფრო ნათელი მაგალითისთვის, ხორვატიაში ქორწინება კონსტიტუციაში განმარტებულია, როგორც ქალისა და კაცის თანაცხოვრება.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში იმ ნარატივების გამავრცელებლად იქცა, რაც კრემლის მიერ შედგენილ დოქტრინებშია განსაზღვრული. სხვა შემთხვევაში ევროინტეგრაციისკენ ორიენტირებული მთავრობა საკუთარ ამომრჩეველთან, არა თუ სიცრუეზე აგებულ დამახინჯებულ მოსაზრებებს, არამედ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გააჟღერებდა.
სტატია მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში