ტრამპის ინაუგურაციიდან 24 საათში მიგრანტების დაკავების და დეპორტაციის „დიდი რეიდი“ დაიწყება – რომელ ქალაქებზეა აქცენტი?

10 hours ago 4

აშშ-ში უნებართვოდ მცხოვრები მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის რეიდები ტრამპის ინაუგურაციიდან 24 საათში დაიწყება. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

New York Times-ისა და Wall Street Journal-ის ცნობით, ოპერაციები, რომელთა ჩატარებითაც დონალდ ტრამპის მიერ „საზღვრების მეფედ“ წოდებული ტომ ჰომანი იმუქრებოდა, შეიძლება ჩიკაგოში დაიწყოს. ტრამპის განცხადებით, ის უხელმძღვანელებს აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს პროგრამას.

Fox News-თან ინტერვიუში ჰომანმა პირობა დადო, რომ „დიდ რეიდს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. მანამდე მან განაცხადა, რომ ჩიკაგო იქნება „საწყისი წერტილი“ მასობრივი დეპორტაციებისთვის.

Wall Street Journal-ის ცნობით, რეიდები ასევე დაგეგმილია ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში.

CBS News-ის ცნობით, მოსალოდნელია საიმიგრაციო რეიდების განახლება სამშენებლო ობიექტებზე, სადაც ხშირად არიან დასაქმებულები არალეგალი მიგრანტები.

როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური მუდმივად ახორციელებს არალეგალი მიგრანტების დეპორტაციას, თუმცა ოპერაცია, რომელიც, სავარაუდოდ, 20 იანვარს დაგეგმილი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება, კონცენტრირებული იქნება იმ ქალაქებზე, რომლებიც ზღუდავენ თანამშრომლობას ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურთან და თავშესაფარს აძლევენ მიგრანტებს. ჩიკაგოსთან ერთად, ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი არიან იმ მრავალ ქალაქს შორის, რომლებიც მსგავს პოლიტიკას ატარებენ.

მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციის და სამუშაო ადგილებზე რეიდების გარდა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტრამპმა შეიძლება, ასევე, გააუქმოს პოლიტიკა, რომელიც ეკლესიებს აშშ-ის საიმიგრაციო დაკავებებისგან დაცულ ზონებად აცხადებდა.

ასევე მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირას ამერიკელი კანონმდებლები მიიღებენ „ლეიკენ რაილის აქტს“, რომელიც ფედერალური მთავრობისგან მოითხოვს, დააკავოს კრიმინალურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი აშშ-ში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, მაშინაც კი, თუ რაიმე დანაშაულისთვის მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

ლევან ახალაია

1tv.ge

სრულად წაკითხვა