ტრამპი საფრანგეთში ჩავა 7 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე

2 weeks ago 17

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი 7 დეკემბერს პარიზს ეწვევა, რათა დაესწროს ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას.

ეს იქნება ტრამპის პირველი მოგზაურობა უცხოეთში ნოემბერში პრეზიდენტად მისი არჩევის შემდეგ. "ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ შაბათს მივემგზავრები საფრანგეთში, პარიზში, რათა დავესწრო პარიზის ღვთისმშობლის ბრწყინვალე ისტორიული ტაძრის გახსნას", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

"ეს განსაკუთრებული დღე იქნება ყველასთვის!", - დასძინა ტრამპმა და შეაქო საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ტაძრის აღდგენისთვის გაწეული "შესანიშნავი სამუშაოსთვის". ტრამპს და მაკრონს მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მათ ურთიერთობებს მეგობრულს უწოდებდნენ, აღნიშნავს CNN-ი.

მაკრონი იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც საჯაროდ მიულოცა ტრამპს 2024 წლის 7 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება. იმავე საღამოს მათ ტელეფონით ისაუბრეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კარი 29 ნოემბერს გაიხსნა, მისი ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ. 2019 წლის ხანძრის შემდეგ, მის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო 1300-ზე მეტმა მშენებელმა და ხელოსანმა მთელი მსოფლიოდან. ისინი გახდნენ მისი პირველი საპატიო სტუმრები. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

ტაძრის საზეიმო გახსნა 7 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიაზე მიწვეულია დაახლოებით 50 მეთაური იმ სახელმწიფოებისა, რომელთა სპეციალისტებიც იღებდნენ მონაწილეობას რესტავრაციაში. გახსნის შემდეგ, ის ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 15 მილიონამდე მნახველს მიიღებს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დიდი ხანძარი გაჩნდა 2019 წლის 15 აპრილს. ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოებს ტაძრის სახურავზე. ხანძრის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი განზრახ გაჩენის შესაძლებლობა გამოძიებამ გამორიცხა.

ტაძრის სახურავი მთლიანად დაიწვა, ჩამოიქცა შპილი.

ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულებებმა მთელი მსოფლიოდან - 840 მილიონზე მეტი ევრო შეადგინა. ეს თანხა უფრო მეტიც კი აღმოჩნდა იმაზე, რაც დაჯდა რესტავრაცია - 700 მილიონი ევრო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - Notre Dame de Paris - საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი ტაძარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა პარიზისა და მთლიანად საფრანგეთისა. გოტიკური არქიტექტურის შედევრი აშენდა XII საუკუნეში და მას შემდეგ არაერთხელ იქნა გადაკეთებული.

სრულად წაკითხვა