ვარშავაში გაიმართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.
ორი ქვეყნის ლიდერი შეეხო ევროკავშირთან უკრაინის დაახლოების პროცესს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტუსკმა თქვა: „ვილაპარაკეთ ევროპის კავშირში ამ გზაზე. არის ორი რამ, რის მკაფიოდ აღნიშვნაც მინდა. [ევროკავშირში] პოლონეთის თავმჯდომარეობა საშუალებას მოგვცემს, გამოვიდეთ ჩიხიდან, რომელიც აშკარაა უკანასკნელი თვეების განმავლობაში. უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ, ამასთან, უპირობოდ, რათა მაქსიმალურად დავაჩქაროთ ევროკავშირში [უკრაინის] შესვლის პროცესი,“ თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რაც უფრო მალე იქნება უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში, მით უფრო სწრაფად შეიძენს „მთელი ევროპა გეოპოლიტიკურ განსაზღვრულობას“.
პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა ასევე თქვა, რომ რუსეთი პოლონეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ჰაერში ტერაქტებს გეგმავს.
ტუსკმა დაიმოწმა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს შიშებს რუსეთის ოპერაციების თაობაზე პოლონეთის საზღვრებს მიღმა.
„უკანასკნელი ინფორმაცია ადასტურებს იმ შიშების საფუძვლიანობას, რომ რუსეთი ჰაერში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ,“ თქვა ტუსკმა.
ევროკავშირში პოლონეთი მორიგე თავმჯდომარე იქნება 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე.