უკრაინა: რუსეთი ჩრდილოკორეელ სამხედროებს ყალბ საბუთებს აძლევს

7 hours ago 3

უკრაინის თანახმად, რუსეთი ყალბ დოკუმენტებს აძლევს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ფრონტზე იბრძვიან. მოსკოვის მიზანია, დაფაროს, რომ ჩრდილოკორეელები ფრონტზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების ძალებმა.

ამის დასადასტურებლად ტელეგრამში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ერთვის რამდენიმე მამაკაცისა და მათი სამხედრო ბილეთების ფოტოები. დოკუმენტებში მითითებულია, რომ მათი მფლობელები რუსეთის რესპუბლიკა ტუვაში ცხოვრობდნენ, ამასთან, ხელმოწერები, როგორც ჩანს, კორეულად არის გაკეთებული.

ცნობაში მითითებულია, რომ საქმე ეხებათ ჩრდილოკორეელ სამხედროებს, რომლებიც დაიღუპნენ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, სადაც ისინი უკრაინის არმიის წინააღმდეგ იბრძვიან გამოგონილი ვინაობით. „ამ სამხედრო ბილეთებში არ არის ყველა ბეჭედი, ფოტოგრაფია, მამის სახელები რუსული წესის მიხედვით წერია, დაბადების ადგილად კი მითითებულია რესპუბლიკა ტუვა“, იტყობინებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები.

უკრაინას მიაჩნია, რომ ამ ზომებს რუსეთი მიმართავს იმისთვის, „რათა დაფაროს ბრძოლის ველზე თავისი დანაკარგები და ფრონტზე უცხოელთა ყოფნა“.

19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბრიუსელში განაცხადა, რომ „რუსეთი ჩრდილოკორეელ სამხედროებს რუსეთის მოქალაქეებად ნიღბავს, დაღუპულ ჯარისკაცებს კი სახეებს უწვავს, რათა შეუძლებელი იყოს მათი ამოცნობა“. პრეზიდენტის სიტყვებით, ჯერჯერობით ლაპარაკია კურსკში მყოფ ჩრდილოეთ კორეის 12 ათას ჯარისკაცზე.

ზელენსკის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ამაზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედროს შესახებ. არ არიან არც ტყვედ ჩავარდნილები. მაგრამ დაღუპული ჩრდილოკორეელი სამხედროებიდან პრაქტიკულად ყველას რუსეთის პასპორტი აქვს.

სრულად წაკითხვა