უკრაინული მედია ციტირებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ უმაღლესი თანამდებობის მქონე უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რათა დაამყაროს კონტაქტები პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან, რომელმაც თანამდებობის დაკავების შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების პირობა დადო.
სააგენტო „ინტერფაქს უკრაინის“ ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ბრიუსელში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი ანდრიი ერმაკი უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
„(პრეზიდენტის) კანცელარიის დონეზე კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სხვა საქმეებთან ერთად, ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობები დამყარდეს“, განაცხადა სიბიჰამ.
ტრამპი დღემდე თავს არიდებდა გაეხმოვანებინა თავისი გეგმის დეტალები, რომლითაც უკრაინაში 33 თვის განმავლობაში მიმდინარე შეჭრის შეჩერებას გეგმავს, მაგრამ მასთან დაახლოებულმა ადამიანებმა წარმოადგინეს სამი გეგმა და ყოველი მათგანი კიევისთვის უაღრესად სასურველ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას გამორიცხავს.
ტრამპის მრჩევლები ასევე მხარს უჭერდნენ წინადადებებს, რომლებზე დაფუძნებითაც, შეიძლება დიდი ტერიტორიული დათმობები მოხდეს მოსკოვისთვის, რომელსაც უკრაინის თითქმის მეექვსედი აქვს ოკუპირებული.