უკრაინის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ცენტრის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს რუსეთის კურსკის რეგიონის ქალაქ ლგოვში მდებარე რუსეთის საზღვაო ქვეითთა 810-ე ბრიგადის სამმართველო პუნქტზე. ამ ცნობის თანახმად, პუნქტი მდებარეობს ამჟამად მიტოვებულ სამოქალაქო შენობაში.
უკრაინის წყაროების თანახმად, დარტყმას რუსი სამხედროები ემსხვერპლნენ.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ხინშტეინი, თავის მხრივ წერს, რომ დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებზე და ქალაქის ინფრასტრუქტურაზე.
რუსეთის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, საავადმყოფოში მოხვდა ხუთი მოქალაქე, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით ცნობა არ გაუვრცელებია ლგოვის დაბომბვაზე. ოთხშაბათს დილით სამინისტრო იუწყებოდა უკრაინის 59 დრონის განადგურებაზე, წინა ღამით - ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის, ბრიანსკის, ტამბოვის ოლქებისა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე.