უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე

2 weeks ago 4

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე.

ნაძვის ხის შენახვასა და მის აწყობაზე პასუხისმგებელი უწყების, თბილსერვისის პრეს-სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ დროისთვის, მათთვის არ მიუმართავს მერიის შესაბამის სამსახურს ნაძვის ხის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მოთხოვნით.

„როგორც წესი, მოსამზადებელი სამუშაოები იწყება ხოლმე დეკემბრის დასაწყისში. საპროტესტო აქციებამდე, ასეც იგეგმებოდა, თუმცა, ახლა, ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დაიწყება ეს პროცესი“, - გვეუბნებიან თბისლერვისის პრეს-სამსახურში.

გასულ წელს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთო. 2021 და 2022 წლებში მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის წინ 10 დეკემბერს განათდა.

2023 წელს, თბილისის მერიას ახალი ნაძვის ხის დადგმა და მორთვა 720 ათასი ლარი დაუჯდა. მანამდე, ერთი წლით ადრე, ახალი წლის ღამეს, ფოიერვერკის გამო ცეცხლი გაუჩნდა მილიონი ლარის ღირებულების ნაძვის ხეს, რომელიც თბილისის მერიამ 2019 წელს იტალიაში შეიძინა.

2018 წელს, ხმაურით ჩაიარა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის დადგმამ. მაშინ პარლამენტის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ნაძვის ხის დადგმამდე ერთი თვით ადრე, მათ მერიისგან მიიღეს გაფრთხილება, შეეცვალათ პროტესტის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმა იგეგმებოდა.

საბოლოოდ, იმ წელს ნაძის ხე 23 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე აინთო.

თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

მერვე დღეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

სრულად წაკითხვა