საქართველოს მმართველი გუნდის წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების თაობაზე ამერიკის კონგრესში ორი საკანომდებლო აქტია ინიცირებული, ათეულობით ამერიკელი და ევროპელი, მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი კი დემოკრატიულ სამყაროს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს. საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციები მხოლოდ შანტაჟის მცდელობაა და ეს პატივია საქართველოს ინტერესების სამსახურისთვის.
ამერიკელი ყოფილი დიპლომატები ხსნიან, რომ რომელიმე ქვეყნის არჩევნების შედეგების ან მის საფუძველზე დაკომპლექტებული მთავრობების არაღიარება სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ხანგრძლივი დისკუსიების საფუძველზე, რთულად მისაღები პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებაა. თუმცა, თუ ეს მოხდება, ვაშინგტონის მაგალითს მათი აზრით, ევროპული ქვეყნებიც მიჰყვებიან.
“ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა არ აღიარებს მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად, და რომ სხვებიც ასევე მიიჩნევენ", - ამბობს ჯონ ჰერბსტი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში და "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი. "ვვარაუდობ, რომ ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია, განგრძობითი, გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე", - ხსნის ის და დასძენს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები საქართველოსთვის შედეგად გარკვეული დონით იზოლაციას გამოიწვევს. "ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის მიერ პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.
ქართველებს მოვუწოდებ, არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე",
ამერიკელი ყოფილი დიპლომატები და ანალიტიკოსები ხსნიან, რომ ამა თუ იმ ქვეყანასთან ან მთავრობასთან ამერიკის არსებული ურთიერთობის შედარება ქართველი დემოკრატიის მომხრე, პროდასავლელი აქტივისტების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს და ისინი ზედმეტად არ უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, იქცევა თუ არა ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პოლიტიკად ან როდის დამტკიცდება კონგრესში წარდგენილი კანონპროექტები. რადგან მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების დაყენებაა, სანქციებით იქნება ეს თუ სხვა ზომებით.
"არ მინდა საქართველოს დემოკრატიის საკითხი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს და მჯერა, რომ გაიმარჯვებს, იმის სინონიმად იქცეს, ექნება თუ არ ექნება ამერიკას საქართველოს მთავრობასთან რაიმე ურთიერთობა", - ამბობს ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი. ის ამბობს, რომ ქართველებმა, რომლებიც ახალ არჩევნებს ითხოვენ, არ უნდა იფიქრონ, რომ იფიციალურად არაღიარების გამოცხადებაა ერთადერთი, რაც ქვეყანაში ვითარებას შეცვლის.
"მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა მაყურებელს მოვუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე“, - ამბობს დენ ფრიდი.
საქართველოს მომავალი არაა დემოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ, დასავლეთში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი დარწმუნებული ვარ გააკვირვა „ქართული ოცნებაც“ და ალბათ მოსკოვიც",
ანალიტიკოსები, ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მთავარი ის აქცენტია, რასაც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი "სამაგალითოდ უსვამს ხაზს" - ის, რომ დემოკრატია საქართველოში არის ამერიკის ინტერესი, და რომ არჩევნებს არასამართლიანად და არადემოკრატიულად ქართველი ხალხი მიიჩნევს, და მოქმედ ხელისუფლებას აღიარება სწორედ მისგან არ აქვს:
"არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც, და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვთ. საქართველოს მომავალი არაა დემოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ, დასავლეთში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი ამ დრომდე, უკვე ამდენი კვირის განმავლობაში, აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც დარწმუნებული ვარ გააკვირვა „ქართული ოცნება“ და ალბათ მოსკოვიც", - განმარტავს დენიელ ფრიდი.
დახმარების და მაღალი რანგის შეხვედრების შეწყვეტა კი ყოფილი დიპლომატების აზრით, შესაძლოა იგივე არ იყოს, მაგრამ ეს მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, მზარდი იზოლაცია ემუქრებოდეს.
"საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია, „ქართული ოცნების“ მთავრობა როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწადინებულია, რომ გააღრმაოს საქართველოს იზოლაცია და ეს შეიძლება მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ, [გახდეს] მასზე დამოკიდებული", - ამბობს დენ ფრიდი და განმარტავს, რომ დასავლეთის და ამერიკის ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის გაცხადებული სურვილების მხარდაჭერა უნდა იყოს, ამის გზები და ტაქტიკა კი მრავალგვარი შეიძლება იყოს.
პარალელურად, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას 100-დან 99 სენატორის მხარდაჭერით, სათავეში მარკო რუბიო ჩაუდგა. ჯონ ჰერბსტს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ძალიან რთულია რამის დანამდვილებით თქმა, კავკასიის თუ უშუალოდ საქართველოს მიმართ მომავალი პოლიტიკის თაობაზე, მაგრამ ის ნათელია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაახლოება" მათ ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობას ვერ მოუტანს.
"ტრამპის გუნდს არ მოსწონს ირანი, მათ შენიშნეს, რომ კობახიძე ირანში იყო და ირანელ ლიდერებს ხვდებოდა. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ [ვიქტორ] ორბანმა რომც სცადოს, წარმატებას ვერ მიაღწევს ტრამპის იმაში დარწმუნებაში, რომ ივანიშვილს დაუმეგობრდეს... ბევრი რამის თქმა…. ახალი ადმინისტრაციის ამ ეტაპზე ძალიან ძნელია. მაგრამ შემიძლია ის ვთქვა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფ თბილისს და ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას ვგულისხმობ. კობახიძის მიერ ჩვენს მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა, აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.