ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელს დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ექიმი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლევან იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც მის მდგომარეობაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები. უშუალოდ მე ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება, თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, მოპყრობას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი. უტარდება კვლევები. ექიმი დღეში 3-ჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად, იღებენ ინფორმაციას.
ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი. ასევე, ჩვენს მიერაც მოხდა ამ ინფორმაციის გამოთხოვა და იმედია ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა, ის ესაუბრა პენიტენციური დაწესებულების ექიმს, ვინც იქ იმყოფება და მისგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია”, – განაცხადა იოსელიანმა.
ჩვენ მას ვკითხეთ, კიდევ მოინახულებს თუ არა ამაღლობელს სახალხო დამცველის ექიმი. ასევე, იგეგმება თუ არა სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ მოინახულეს, არამედ ჩაერთვება ამაღლობელის ჯანმრთელობის მართვის პროცესში. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
“ეს ადამიანი, ვინც შედის ჩვენგან, პროფესიით არის ექიმი, მაგრამ ის თვითონ იქ რაიმე ტიპის სამედიცინო გამოკვლევას არ ატარებს. ის რომ არის ექმი, ეს არ ნიშნავს, რომ შედის, როგორც ადამიანი, რომელიც ან სინჯავს, ან რაღაც მანიპულაციებს ახდენს. ის მხოლოდ ვიზუალურად [აფასებს], ხვდება მას და ეკითხება მისი მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, დღეს, ესაუბრა იქ მყოფ ექიმს, რომელიც არის პასუხისმგებელი სამედიცინო მომსახურებაზე. ეს ინფორმაცია გამოაქვს ასევე, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას გამოთხოვილი დოკუმენტებით, უშუალოდ რა კვლევები ჩაუტარდა, რა პერიოდში და ა.შ.
ამის მეტი, უკვე პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა თქვას, უფრო სიღრმისეული კვლევები უნდა ჩაუტარდეს, არ უნდა ჩაუტარდეს, როგორ აპირებენ აღნიშნული შიმშილობის პროცესის მართვას. ეს მათი საკითხი არის. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ეს ინფორმაცია გაგიზიაროთ. უფრო მეტის საშუალება უბრალოდ არ გვაქვს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ პერსპექტივებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პაციენტის მართვა. ამისთვის არსებობს სპეციალური პროტოკოლი, რომელსაც იყენებს პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ, არის ის, რომ უფრო პროაქტიულად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. ვინაიდან გვაქვს საშუალება, რომ შევიდეთ და ეს ადამიანი ფიზიკურად ვნახოთ, კონსილიუმს რაც შეეხება, თუ გულისხმობთ სააკაშვილის შემთხვევას, ის იყო განსხვავებული შემთხვევა, როდესაც თვითონ მხარე არ ენდობოდა პენიტენციური დაწესებულების არანაირ სამედიცინო მომსახურებას და როგორც მახსოვს, ამიტომ გახდა აუცილებელი კონსილიუმის შექმნა. აქ ამ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე”, – ამბობს ლევან იოსელიანი.
მან ბრიფინგი ჩაატარა 17:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როცა მზია ამაღლობელის კოლეგები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქციის მოთხოვნა იყო აღკვეთოს ღონისძიების ფორმის შეცვლა და ამაღლობელის პატიმრობუდან გათავისუფლება.