„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს სტუმრობს

11 hours ago 2

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ქართული დელეგაციის თანხლებით 17 იანვარს ბაქოში ჩავიდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ქართულმა დელეგაციამ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. 

შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან

კობახიძის პირისპირ შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი პრესკონფერენცია მოყვა, სადაც კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. მან ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები ანალოგიურად გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს“, – განაცხადა კობახიძემ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წარმატება სამხრეთ კავკასიის რეგიონს სტაბილურობას მოუტანს. მან ხაზი გაუსვა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას. ალიევმა ხაზი გაუსვა პროექტის წარმატების მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასიცოცხლო როლზე, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ხიდს წარმოადგენს. მან დასძინა: „ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამ პროექტს და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვითარდება როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში“.

ალიევი ასევე მიესალმა ორ მეზობელს შორის „სამაგალითო პოლიტიკურ ურთიერთობებს“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი თანამშრომლობა არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ორმა მეზობელმა. „ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს, აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში, იწვევს ინვესტორებს და ინსპირაციის წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალდაბანდებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა ალიევმა.

შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა“.

ამავე პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

„ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა

კომისიის სხდომა ირაკლი კობახიძემ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, მან მხარი დაუჭირა სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის, მათ შორის სომხეთის რეგიონულ სამმხრივ თანამშრომლობას და განაცხადა: „საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა”.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლებში საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მას „საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა.

„ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

X-ის პლატფორმაზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა დაწერა, რომ შეხვედრისას ორივე მხარემ „ხაზი გაუსვა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონული სტაბილურობისა და ჩვენი პარტნიორებისთვის უსაფრთხო კავშირის უზრუნველყოფის საქმეში“.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამხრეთ დერეფნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, – აღნიშნა ალი ასადოვმა.

სხდომის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმს. ასევე, შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის. კერძოდ, ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის; მემორანდუმებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საკონსულო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ჯეიჰუნ ბაირამოვთან

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 16 იანვარს აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ბოჭორიშვილი მიესალმა ორ ქვეყანას შორის „სამაგალითო“ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზი გაუსვა მათ ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბოჭორიშვილმა განაცხადა: „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმენი გავხდით, მაგრამ ჩვენი საზოგადოებები, სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავს ნაბიჯებთან გასამკლავებლად“.

მან აღნიშნა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო სამმხრივი ურთიერთობა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რა დროსაც განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის პროექტზე გაკეთდა. ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი ინიციატივები მნიშვნელოვნად ზრდის კავკასიის სტრატეგიულ როლს გლობალურ ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ბაზრებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა