WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, 17 ნოემბერს 6-6 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამ ყოფილ პოლიციელს „ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე“.

საქმე შეეხება 2022 წელს ქობულეთში პოლიციის განყოფილებაში მომხდარს, რა დროსაც პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ვიდეოკადრები 2026 წლის 13 ივნისს გაასაჯაროვა "ტვ პირველმა" გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“.

ამ საქმეზე პროკურატურამ 3 პოლიციელს ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილს და მიხეილ ჯინჭარაძეს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.

დაკავება - 4 წლის შემდეგ

შსს-ს მიერ ტელევიზიით გასული ანონსის შემდეგ გავრცელებული განცხადებით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექცია, „საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება“.

უწყება წერდა, რომ 2026 წლის 23 თებერვალს პროკურატურამ სამივე პოლიციელი დააკავა.

პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ „საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია“.

ბრალდების თანახმად:

2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

კვიცარიძის საქმე

გიორგი კვიცარიძეს, 32 წლის IT-სპეციალისტს, რომლის სახელიცა და გვარიც პოლიციის განყოფილებაში დაკავებულებზე ძალადობის ამსახველი კადრების მოპოვებას უკავშირდება, 7 სექტემბერს, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს კადრები ტელეკომპანია TV პირველს კვიცარიძის დედამ, ეთერ ხატისკაცმა, 2026 წლის ივნისში გადასცა. სავარაუდოდ, გიორგი კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერაში/ჩატში შეაღწია და იქიდან 33 ვიდეოფაილი მოიპოვა.

გიორგი კვიცარიძე 2025 წლის 31 დეკემბერს, იმერეთში, ავტობანზე, ტაქსიში დააკავეს.

პროკურატურა მას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა - ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის მხარდაჭერას.

ახალგაზრდა კაცი, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ მას „სისტემა სჯიდა“ პოლიციელების მხილების გამო.