კორუფციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, დაესწრება.
ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წინა წერილებში სასამართლო პროცესს “მასკარადს” უწოდებდა და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. ის არც პირველ სხდომას დაესწრო. კითხვაზე, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა გადაწყვეტილება, უფლებადამცველი ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. სავარაუდოდ, ამაზე საზოგადოებას თავად ღარიბაშვილი ესაუბრება.
როგორც ლალი აფციაური განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით 100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვს, ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე დასწრებისა და პროცესის ღიად წარმართვის სურვილი თავად გამოთქვა.
ადვოკატის ვარაუდით, პროკურატურა დღევანდელ პროცესზეც ეცდება დააყენოს შუამდგომლობა სხდომის დახურვის თაობაზე, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„დიდი სურვილი აქვთ პროცესის დახურვის და სავარაუდოდ, დღესაც დააყენებს ბრალდების მხარე ასეთი სახის შუამდგომლობას. თუმცა, სამართლებრივი საფუძველი არ არის. თუკი ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი ღია იყო, რატომ უნდა დაიხუროს ირაკლის პროცესი, როდესაც საქმეში ზუსტად ერთი და იგივე მასალებია წარმოდგენილი?!“ — აცხადებს ლალი აფციაური.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარისთვის განკუთვნილი შესყიდვების სანაცვლოდ აღებული ქრთამის ნახევარი ექსპრემიერს გაუნაწილა.
ბურჭულაძეს ბრალი აღიარებული აქვს და მას საპროცესო გარიგებაც აქვს გაფორმებული. ექსპრემიერის ადვოკატის ცნობით, ბურჭულაძემ ჩვენება მისცა ღარიბაშვილის წინააღმდეგ. თავად ღარიბაშვილმა ამ საქმეს “პოლიტიკური ბრძოლა” და მასკარადი უწოდა ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელებულ წერილში.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება.
ის ამ ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
ღარიბაშვილი პატიმრობას იხდის სხვა ანუ მეორე საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.
netgazeti