“ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ახლა ჩემი დედიკო ბევრად კარგად არის და კიდევ გადის მკურნალობას” – თამარ შარაბიძე

2 weeks ago 10

სააგენტო “პარალელს” დაუკავშირდა საფრანგეთში მხცოვრები ემიგრანტი, თამარ შარაბიძე. მან საქართველო 2022 წელს დატოვა, დედასთან ერთად, რომელსაც აუცილებელი მკურნალობა ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ. ახალგაზრდა ემიგრანტი, საქართველოდან, სააგენტო “პარალელს” და საზოგადოებას უყვება თავისი ემოციებისა და ემიგრაციაში ცხოვრების სიმძიმის შესახებ:

მე ვარ თამარი შარაბიძე, საქართველო დავტოვე 2022 წლის მარტში. ემიგრაციაში წამოვედი დედასთან ერთად.

საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, ძალიან ძნელი იყო ემიგრაციაში წამოსვლის დღიდან დღემდე ეს არის გზა, როდესაც უნდა იარო წინ, არ გაქვს უფლება უკან მოხედვის. ყველა სირთულეს უნდა შეეჭიდო გაუმკლავდე. უნდა დაიწყო მათ ენაზე ლაპარაკი, მოირგო მათი ქუდი. ფაქტიურად, როგორც პიროვნება, იკარგები იმიტომ, რომ აქ არავის აინტერესებს ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, ყველაფერში ყველაზე უკან დგახარ.

ეს ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. შენში იკარგება მეობა. ძალიან დიდი დამცირებისა წნეხის გავლა გვიწევს ყველა ემიგრანტს, სანამ გარკვეულ ეტაპს არ მიაღწევ.

საქართველოდან წამოსვლის წუთიდან დაბრუნება მაინც მინდა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი სირთულე, პრობლემა, როდესაც სულით, გულით ქართველი ხარ, ყოველთვის გეძახის შენი ქვეყანა.

ალბათ საქართველოში დავბრუნდები მაშინ, როდესაც შეიცვლება რამე ჩემთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიმართულებით ვგულისხმობ მედიცინის და ჯანდაცვის სფეროს.

ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ახლა ჩემი დედიკო ბევრად კარგად არის და კიდევ გადის მკურნალობას. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

სრულად წაკითხვა