გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს.
“ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ისტორიულ მისწრაფებებს. 28 ნოემბრის განცხადებას 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უარის შესახებ მომდევნო დღეებში მოჰყვა ათიათასობით მოქალაქის საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც პოლიცია ძალის გადამეტებით არბევს. ფიზიკურად უსწორდებიან პროტესტის ათეულობით მონაწილეს.
შექმნილ ვითარებაში საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს და მტკიცედ დადგეს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად,” – წერია განცხადებაში.