"ყველა რომ დაგვჭირონ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს" - ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

2 weeks ago 12

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დასრულდა. ოპოზიციონერების მთავარი გზავნილია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, მათ დააკავებენ თუ არა.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ეშინიათ ოფისების დარბევის და დაკავებების. ასევე, მზად არიან, ყველა დაკავებულს სამართლებრივად დაეხმარონ.

"მთავარია ის, რომ ბრძოლა გრძელდება. გასაგებია, რომ ახლა გადატეხვაზეა, ვის შეეშლება და საით გადატყდება. გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, რომელბიც ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და იბრძვიან. მთავარი, რაც უნდა გესმოდეთ ყველას, ვინც ახლა მისმენს - ვინც აქ იყო შეკრებილი და ვინც არ იყო, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვჭირონ, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ. ეს არის მთავარი. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ, ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე იბრძვიან. ბრძოლა უნდა გააგრძელოთ ნებისმიერ შემთხვევაში", - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და მთელი საქართველოს მასშტაბით "საყოველთაო დაუმორჩილებლობა" უნდა გამოცხადდეს.

"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ველოდით, თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას და კიდევ ერთხელ ერთიანობას. დავიცავთ თითოეულ ახალგაზრდას და დარწმუნებული ვართ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არამხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ, საყოველთაო დაუმორჩილებლობა - გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის".

4 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო.

კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავეს.

ხოლო "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.

სრულად წაკითხვა