ყოფილი ელჩი მაკრონის ზარს ივანიშვილისადმი მუქარად და კობახიძის არაღიარებად აფასებს

1 week ago 7

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის (2013-2018 წწ) ეკა სირაძის შეფასებით, პრეზიდენტ მაკრონის ზარი ბიძინა ივანიშვილთან პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ლეგიტიმურობის არაღიარებაზე მიუთითებს.

ის, რომ ზარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან განხორციელდა, სირაძის თქმით, ნიშნავს — სწორედ ბიძინა ივანიშვილია მიჩნეული არაფორმალურ მმართველად და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელ პირად.

„მაკრონმა ამ ნაბიჯით ივანიშვილს ძალიან მკაფიოდ უთხრა: მე არ ვიცი, შენ ვინ დასვი იქ პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ, შენ ხარ გადაწყვეტილების მიმღები და შენ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, გელაპარაკები შენ. საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ასე ძალიან ელოდება მმართველი პარტია, მათ ამ ზარითაც ვერ მიიღეს. პირიქით, ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება“, — ამბობს სირაძე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ თუ პოლიტიკიდან დისტანცირდება, ყველა დაიჯერებს, თითქოს გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„ეს აღქმა რომ საქართველოში დიდი ხანია არ მუშაობს, ცალსახაა, მაგრამ ასევე აღარ მუშაობს საზღვარგარეთ, დემოკრატიულ ქვეყნებში“, — განაცხადა ეკა სირაძემ.

დიპლომატი ხაზს უსვამს ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული განცხადების არაორაზროვან სიხისტეს:

„ტექსტი არის ძალიან ცალსახა და მკაფიო, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნებისგან დაცლილი და ძლიერი სიტყვებით დატვირთული. გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა: დაგმო (დაშინება და ძალადობა), მოითხოვა (დაკავებულების გათავისუფლება) და მოუხმო (გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ). ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ მაკრონმა ივანიშვილს ფაქტობრივად უთხრა, მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროპულ გზას აცდით და მე ვარ გარანტი იმისა, რომ ევროკავშირი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეო. ჩემი აზრით, ეს არის მუქარა — გაკვირდებით, გხედავთ, ვიცით, რა ხდება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ფრანგული პასპორტი. შესაბამისად, შემთხვევითი არ მგონია და ძალიან ცალსახა გზავნილია, რომ ივანიშვილს სწორედ მაკრონმა დაურეკა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ეკა სირაძემ.

ეკა სირაძე ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო შემზადებული მაკრონის ზარისთვის, ისევე როგორც არ აქვს დიალოგისა დათმობებზე წასვლის მზაობა.

„არ მგონია, რომ ამ ზარს ჰქონდეს მყისიერი შედეგი. ეს იყო პირველი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებას“ ჯერ არ მიუღწევია იმ ნიშნულამდე, როცა დიალოგზე და დათმობებზე წავა. ჯერ არ არიან შეშინებულები, არიან დაბნეულები. ჯერ კიდევ არ მოქცეულან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საყოველთაო წნეხის ქვეშ და ჰგონიათ, რომ კიდევ მოახერხებენ სიტუაციის შემობრუნებას“, — ამბობს ყოფილი ელჩი.

ეკა სირაძე არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შესაძლებელია ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლების შორის შედგეს მოლაპარაკებები თუნდაც დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ „ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებაზე.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, საით განვითარდება მოვლენები. ეს კომპონენტი ყოველთვის გვავიწყდება და გვგონია, სხვაგან მიიღება გადაწყვეტილებები. მაკრონმა დაურეკა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში — 13 დღეა, აპროტესტებს მასობრივად გაყალბებულ არჩევნებს და ევროპული გზის მიტოვებას, რუსეთისკენ გეზის აღებას. ვერავინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რა მოუნდება ქართველ ხალხს. თუ საქართველოს მოქალაქეები შეეგუებიან, რომ მხოლოდ დაპატიმრებული ხალხის გამოშვებას დაჰყაბულდნენ და მეტი არაფერი, ცხადია, ასე დამთავრდება. მაგრამ თუ პროტესტები იქნება ძალიან მკაფიო და შესაბამისი მოთხოვნებით, არ მგონია, ევროპის დედაქალაქებიდან წამოვიდეს მოლაპარაკებები, ისეთი შეთანხმებები და აღიარებები, სადაც არ იქნება გათვალისწინებული ქართული საზოგადოების მოთხოვნები. ელისეს სასახლის განცხადებაში ჩანს მოწოდება დიალოგისკენ, სადაც ჩართული იქნება ყველა მხარე: ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. ის, თუ რა ეპატიება „ქართულ ოცნებას“ და ვინ რა დათმობაზე წავა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, — დასძინა ეკა სირაძემ.

დღეს, 11 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა.

„ქართული ოცნების“ თანახმად, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი.

მანამდე ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა.

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

სრულად წაკითხვა