ქარტიას ხელი ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.
მისი თქმით, კომისია ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოვონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები.
ეს ნაბიჯი აშშ-ის მთავრობამ გადადგა ახალი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ძალაუფლების გადაცემამდე 6 დღით ადრე.
„ჩვენ მოუთმენლად ველით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მივაღწიოთ იმ ამბიციურ მიზნებს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით არის განსაზღვრული“, -განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის ბოლო წლებში თანამშრომლობა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირთან.
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.
სომხეთის მთავრობამ 2025 წლსი 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.
აშშ-სა და ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების დაწყების ფონზე მათთან ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა წლების წინ დაამყარა.
2024 წელს, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ, ნოემბერში კი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.