"ჩემი ნაკრებში გამოძახება მწვრთნელის გადასაწყვეტია" - გიორგი კოხრეიძე ჩემპიონობის ემოციებზე

1 week ago 3

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა გიორგი კოხრეიძემ ჩემპიონობისა და ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების ემოციებზე საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

"სამი წლის წინ ზაფხულში ფრანგულ "გრენობლში" გადავედი, მაგრამ ტრავმების გამო თითქმის წელიწადი და შვიდი თვე გამიცდა. მერე დავბრუნდი "იბერიაში", რომელიც ფორმის დაბრუნებაში ყველანაირად დამეხმარა და ამისთვის კლუბს ჩემგან დიდი მადლობა ეკუთვნის. მათ გარეშე მე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი.

ამ ყველაფრის შემდეგ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კარიერაში ხანგრძლივი პაუზა მქონდა, თან სერიოზული კონკურენტები მყავდა. ბიორნ იონსენმა და ტაირელ ვოუტერმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად მომზადებული და ძლიერი თუ ხარ, თუ ხასიათი გაგაჩნია, მაშინ ბევრს მიაღწევ. ყველაფრის მიუხედავად, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებას მაინც არ ველოდი.

ჩემი ნაკრებში გამოძახება მწვრთნელის გადასაწყვეტია. დიდი იმედი მაქვს, ასეთი სეზონის შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, რომ შანსს მაინც ვიმსახურებ. ამ ბიჭების გვერდით მითამაშია და მჯერა, ეროვნულ გუნდში მოვხვდები"

- ამბობს კოხრეიძე.

სრულად წაკითხვა