WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

09.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, სადაც  მისი საქმეზე სასამართლოს პროცესების დახურვას ეხმაურება.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი.

„2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.

სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას. ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად.

ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა. სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანიც მისი ხმის ჩახშობაა.

„როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.

საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ  წერილში ამბობს, რომ მის მიმიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

„დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, მან ამ „უმძიმესი დანაშაულის“ შესახებ საჯაროდ 17 აგვისტოს განაცხადა და მიუხედავადა იმისა,  პროკურატურა ვალდებულუ იყო გამოძიება დაეწყო, ეს ამ დრომდე არ მომდხდარა.

„ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას – გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მისი დაცვის მხარეს არ მიეცა უფლება, რომ სასამართლოში წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – „შანტაჟის წერილი“.

„როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია – ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია.

შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა – მისი დახურვა – ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.