„ჩურჩხელას ავლებდნენ და ეზოში მანქანა ამ დროს შევარდა“ – რა მოხდა გურჯაანში

1 week ago 21

„ჩურჩხელას ავლებდნენ და ეზოში მანქანა ამ დროს შევარდა“ - რა მოხდა გურჯაანშიგურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარ ავტოავარიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა. ამ დროს ეზოში ქალბატონები თავისთვის ფუსფუსებდნენ და მოულოდნელად მსუბუქი ავტომობილი ეზოში მათ დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები მალევე მივიდნენ, მაგრამ ორივე ქალბატონი ადგილზე იყო გარდაცვლილი.

-ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ჩვენს სოფელში, გარდაცვლილი ქალბატონები ჩვენი სოფლის მცხოვრებნი არიან, ნუნუ ზაქალაშვილი და იზოლდა ცაცაბაშვილი. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ადგილზეა გარდაცვლილი. როგორც მითხრეს, ავტომანქანის მძღოლს ჩაეძინა და ამიტომ ავტომობილი ეზოშია შევარდნილი. ამ დროს თურმე თავიანთ ეზოში იყვნენ იზოლდა და ნუნუ. ჩურჩხელას ავლებდნენ და ამ დროს შევარდა იქ ავტომობილი და დაეჯახა მათ. იზოლდა ცაცაბაშვილის სახლში მოხდა ეს სამწუხარო ტრაგედია, ქალები იქ მარტოები იყვნენ იმ დროს და საქმიანობდნენ.

როგორც მაცნობეს, მანქანა ქალბატონ ნუნუს დაეჯახა და ამის დანახვაზე ქალბატონი იზოლდა გულის შეტევით გარდაცვლილა. ეტყობა შიშისგან გული გაუსკდა, ორივე იქვეა გარდაცვლილი. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია მაქვს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და სამართალდამცავები დაადგენენ უფრო მეტ დეტალს. მძღოლს მე არ ვიცნობ, ამბობენ, რომ ის გურჯაანელია. არსებული ინფორმაციით ფხიზელი იყო, მაგრამ ჩაეძინაო. ალბათ სიმთვრალის ამბავს ექსპერტიზა დაადგენს. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ გარდაცვლილები და ძალიან დიდი გულისტკივილია მათი გარდაცვალება. ქალბატონი ნუნუ ზაქალაშვილი წლების მანძილზე ბაღის გამგე იყო. ამბობენ, იზოლდაც წამებში გარდაიცვალაო, არის ვარაუდი, რომ გული გაუსკდა. მძღოლი ჩაბარდა პოლიციას და გამოძიება მიმდინარეობს. გზის პირას არის სახლი და იქვეა მოსახვევი, ეზოშია მანქანა შევარდნილი. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, – ამბობს მერის წარმომადგენელი გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანის და სოფელ კახიფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სიმონ კილაძე.

კვირის პალიტრა, ფოტოზე ნუნუ ზაქალაშვილი

სრულად წაკითხვა