"როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო, როცა ვიცი, რომ უდანაშაულო ხალხი ციხეში ზის" - ეს სიტყვები მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მეორე დღეს კი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ქარდი, სადაც წერდა, რომ 31 დეკემბრის ღამეს, ტატიშვილი რესტორან BEG CHEFS-ში იმღერებს.
გავრცელებულ ქარდს, ნოდიკო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ტელეკომპანია "იმედო" უკვე ისეთი სამარცხვინო ხარ, რაზე გელაპარაკო არ ვიცი.
მერე რომ დაგახურავენ თავზე გწყინთ! ეს კონცერტი იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმებულია უკვე დიდი ხანია! ეს აფიშა ვინ და რატომ დადო არ ვიცი, თქვენ გეცოდინებათ.
ჩემს ნაცბობ-ახლობლებს მოგმართავთ, მანდ ვინც მუშაობთ, ამ სამარცხვინო ტყუილზე შეგიძლიათ პასუხი მოსთხოვოთ თქვენს ხელმძღვანელობას?" - დაწერა ტატიშვილმა.
მალევე მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რესტორნის ბოდიში მოჰყვა.
„ბოდიშს ვუხდით მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს შეცდომის გამო, რომელზეც ჩვენი რესტორნის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. მომღერალმა რამდენიმე კვირით ადრე გაგვაფრთხილა, რომ საახალწლო კონცერტში არ მიიღებდა მონაწილეობას ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. აფიშა რომელიც ვრცელდება სოციალურ მედიაში ჩვენი შეცდომის შედეგია და ძალიან ვწუხვართ ამოს გამო. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით მომღერალს!“ - ვკითხულობთ განცხადებაში.