წამყვანი ევროპარლამენტარები საქართველოში რეპრესიებს გმობენ და ევროკავშირის სანქციებს მოითხოვენ

2 weeks ago 7

ერთობლივ განცხადებაში ოთხმა ევროპარლამენტარმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის ხელმძღვანელმა ნილს უშაკოვსმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარემ სერგეი ლაგოდინსკიმ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენემ კატეგორიულად დაგმეს საქართველოში მიმდინარე რეპრესიები. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს, რომლებიც საარჩევნო დარღვევებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი.

ევროპარლამენტარები განსაკუთრებით გამოყოფენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „პოლიტიკურად პასუხისმგებელია რეპრესიების ტალღაზე და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე“.

„ოპონენტების დაკავება და ოფისების ჩხრეკა ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი ინსტრუმენტია და მას ადგილი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყანაში“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები და დასძენენ, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ პასუხისმგებელია „უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლასა და ქვეყნის ევროპული გზიდან მკვეთრ გადახვევაზე, ხალხის დიდი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ“.

განცხადებაში ნათქვამია: „ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოს მომავლის შესახებ ფართოდ გავრცელებული შეშფოთების ლეგიტიმური გამოხატულებაა“.

განცხადებაში ხაზგასმულია ახალი არჩევნების გადაუდებელი აუცილებლობა და ნათქვამია, რომ არჩევნები დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანოების მიერ საფუძვლიანი დაკვირვების პირობებში უნდა ჩაატაროს, რათა უზრუნველყოფილი იყო მისი სამართლიანობა და გამჭვირვალობა.

ევროპარლამენტარები კიდევ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ და მას „საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მტკიცე დამცველად“ აღიარებენ. ისინი ადასტურებენ სოლიდარობას ქართველ ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა