დანართი · წერილები მღვდელმონაზონ პანტელეიმონს და მორჩილ ბარბარეს
[1] მღვდელმონაზონ პანტელეიმონს
თესალონიკი, 1 მარტი, 1961 წ.
ჩემო პატივცემულო სულიერი ძმაო, მამაო პანტელეიმონ, გიხაროდენ უფლისა ჩვენისა მიერ და ვემთხვევი შენს წმიდა ხელებს და ვითხოვ შენს წმიდა ლოცვებს მე, შენი უღირსი სულიერი და ევპრაქსია. მაკურთხე. ჯანმრთელად იყავით. ჯანმრთელად ვართ.
მივიღე შენი კურთხეული წერილი, ჩემო შვილო. ძალიან გაიხარა ჩემმა ცოდვილმა სულმა, რომ მწერ. შენს წერილს ყოველ ორ დღეში ვიღებ. შენს წერილს ვკითხულობ და ვტირი უღირსი, რომ ასეთი სულიერი ძმა მყავს. ღმერთმა ღირსი გახადა, რომ ასეთი შვილი გაზარდა ჩვენმა მოძღვარმა, მამა იოსებმა. ვმადლობ ღმერთს დღედაღამ. ღმერთმა გაგანათლოს ყოველთვის და დაგიფაროს ყველა ბოროტი მახისგან. ამინ.
ჩვენი ტატლი2 იესო მოვიდეს შენს გულში და აღენთოს შენში, ნათელი გახდე, მიხვდე, ტატლი ჩვენი იესო როგორი ტატლია; შენში აღენთოს, როდესაც სკვნილზე ლოცვას ამბობ: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“. ამას რომ იტყვი ხოლმე, სიტკბოდან სიტკბო გეპოვოს, დღედაღამ ტიროდე, მთელი სხეული განგეწმიდოს, მიხვდე ჩვენი ტატლი იესო მოვიდა თუ არა შენს გულში, და იგი გახდეს, და სხეულიც გახდეს როგორც რეზინი. გადის ერული სხეული, მოდის წმიდა სხეული. სხეული ამბობს, საათივით მუშაობს: „უფალო იესუ ჩემო, ქრისტე ჩემო, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალე ჩვენ“, – ამბობს შენში. მთელი სხეული არ ჩერდება. ამას შეიძენ დუმილში, სიბნელეში, შუქსაც ნუ აანთებ. კუკულით სახე დაიფარე და [იესოს] ლოცვა თქვი. სხეული იწმიდება, მკვდარი ხდება3.
მაშინ ნახავ როგორ იგრძნობ ჩვენს წმიდა მოძღვარს. ლოცვა დაგეხმარება შენში ჩვენმა ტატლი იესომ დაიმკვიდროს. ამინ.
მე, ცოდვილი, ვლოცულობ, […] რომ შენი შინაგანი ნათელი გახდეს. განსაცდელს* (აქ: ეშმაკს) ეშინოდეს შენთან მოახლოება, არ მოვიდეს, დაიწვას. ღმერთმა მომცა სიმდიდრე, და მე ღმერთს სიყვარული მივეცი, ღმერთის მიერ მორჩილება ჩემს მოძღვარს. ჩემი წმიდა მოძღვარი დამპირდა: „ნუ გეშინია, მე მოგხედავ. საერო ტანსაცმელს ჩავიცვამ, ვიმუშავებ, რომ მოგხედო4. სად არის? პირველად ჩემგან მოკვდა5. წმიდა გახდა.
აქამდე ღმერთს არ მივუტოვებივარ, მაგრამ ბრძოლაში დიდად გავწვალდი. ახლა ბებერი ვარ, სნეული ვარ, ბრონქული ასთმა მაქვს. […]
ოღონდ ჩემ, ცოდვილისთვის ილოცე, მე შენს სიკეთეს არ ვივიწყებ, ყოველთვის მოვალე ვარ. მხურვალე ცრემლებით ვლოცულობ.
ევპრაქსია მონაზონი, იოსებისა
[2] მღვდელმონაზონ პანტელეიმონს
22 დეკემბერი 1961 წ.
მუქთად ბევრი რამ მომცა ღმერთმა. მთელი ჩემი სხეული ამბობს [იესოს] ლოცვას. ლოცვის სიტკბოებით ჩემში [ცეცხლი] აღენთება. აჰ, აჰ, აჰ, ტატლი იისუმო6, ვტირი, აღარ შემიძლია, წაიყვანე ჩემი სული, წაიყვანე, ვტირი, (რადგან] არ ვარ ღირსი, რომ [იესოს] ლოცვას ვამბობდე, ვტირი […] ახლა ამოვედი, პატარა ქოხია, უდაბნოს სიმყუდროვე, და მზე უყურებს […] სულ მჯდომარე ვლოცულობ. მხოლოდ [იესოს] ლოცვა, მეტი არაფერი. 31 წელია ამას ვაკეთებ. ჩვენმა მოძღვარმა, მ. იოსებმა, განწმედილმა, ასეთი ლოცვა-კურთხევა მომცა. ჩემი პარაკლისიც, ყველაფერი – [იესოს] ლოცვა, მდუმარება დღედაღამ. ვაბნელებ ჩემს ოთახს, ვლოცულობ, არავისთან მინდა ლაპარაკი. მდუმარება. გონებას ვიკრებ, ვტირი ჩემს ცოდვას. ცხოვრებაში [კეთილი] საქმე არ გამიკეთებია. 10 წელია მათხოვარი ვარ. ვადიდებ ჩვენს ტატლი იესოს. ყველაფერი მქონდა და ღმერთის სიყვარულისთვის [სხვებს] დავურიგე, ჩვენი ტატლი იესო.
[3] მღვდელმონაზონ პანტელეიმონს
26 ოქტომბერი, 1962 წ.
ჩემო პატივცემულო და დიდად საყვარელო შვილო, მ. პანტელეიმონ, ჩემი გულის ნაწილო, ჩემო სულო, ჩემო სიტკბოებავ, ჩემო ოქროს შვილო, გიხაროდენ უფლისა მიერ და ვემთხვევი შენს წმიდა ხელებს და ვითხოვ შენს წმიდა ლოცვებს, ყოველთვის უღირსი შენი სულიერი დედიკო, ცოდვილი ევპრაქსია, ჯანმრთელად იყავით. ჯანმრთელად ვართ.
პანაიოტი7 მოვიდა. კარგი, [სულიერად] განათლებული ბიჭია, ღმერთმა დაიფაროს მახეებისგან შენი ლოცვით. დიდი კრძალულება აქვს შენი ღირსების მიმართ. ჩემო განწმედილო შვილო, ჩვენი ქრისტეს ხატი გამომიგზავნე ვნების დროს8 – დიდი მადლობა. ოღონდ გთხოვ, თუ გაქვს ასეთი ხატები, მინდა. ჩემი დიდი ღვაწლით – ცრემლები დღედაღამ, თვალები დახუჭული: ჩვენი უფალი ჯვარცმული, გვერდიდან სისხლი სდის, მე კი ბაგეებს ვუშვერ და ჩემს ბაგეებში ჩაედინება, ნელთბილ-ნელთბილი. ვღაღადებ, ვტირი, არ შემიძლია განვეშორო. წასვლა მინდა, უნდა წავიდე, დრო გავიდა, მაგრამ არ შემიძლია დავტოვო. [ვხედავ.] თვალებით კი არა ღმერთმა გაგანათლოს, რომ გაიგო. მოსაღამოვდა, ჩვენი მოძღვარი, დები მელიან. ბოლოს და ბოლოს წავედი. მოძღვარმა: სად იყავიო? სილაც გამაწნა სახეში. ეპიტიმიად ფეხზე იდგებიო, მითხრა. მეც დავდექი, ისევ ვამბობ [იესოს] ლოცვას და ისევ თვალები დახუჭული, ბნელად. მოვიდა თეთრი მტრედი ჩემს მკერდში, თვალები ბრილიანტივით უბრწყინავდა. მოფრინდა ჩემს მკერდზე და პირში შემოვიდა. შევიძარი, ჩვენი მოძღვარი მეკითხება: რა მოგივიდაო? არ ვუთხარი. ყოველთვის ვგრძნობ წმიდა სამებას ჩემს მკერდში, შიგნით. ამიტომ [გითხარი], თუ გყავს ასეთი ჩვენი ჯვარცმული ტატლი იესო; ასე სდის [სისხლი], ვსვამ ნელთბილ-ნელთბილს ცრემლებით, ცრემლებით …
ცოდვილი უღირსი ევპრაქსია მონაზონი, იოსებისა.
ვლოცულობ
[4] მღვდელმონაზონ პანტელეიმონს
თესალონიკი, 5 ოქტომბერი, 1963 წ.
ჩემი გულის ნაწილო, ჩემო სულო, ჩემო ძვირფასო, ჩემო ოქროს შვილო, გავიგე, რომ ამერიკაში წახვედი ელეფთერთან ერთად. მივწერე პეტრე ჯარისკაცს, გუშინ საღამოს მოვიდა ჩემს სახლში და მითხრა: „ეს ფული მ. პანტელეიმონმა მისცა ელეფთერს. ხოლო ელეფთერმა ჩემთან გამოგზავნა, დედა ევპრაქსიას მიეციო. აიღე, 300 დრაქმად ელექტროღუმელი იყიდე“. ვმადლობ ჩვენს ტატლი იესოს, თქვენ გმადლობთ ორმაგად, რომ შენს თანამგზავრს მიეცი, რომ შეენახა. ჩვენმა ტატლი იესომ კარგად გაგანათლოს, ვლოცულობ მე. უღირსი დღედაღამ, მხურვალე ცრემლებით ვლოცულობ.
მაპატიე დიდი სულიერი სიყვარულისთვის და ისევ ვემთხვევი შენს წმიდა ხელებს და ვითხოვ შენს წმიდა ლოცვებს, ვადიდებ ჩვენს ტატლი იესოს. ჩემი ამპარტავნების გამო მომხვდა თავში და ამის გამო ვადიდებ ჩვენს ტატლი იესოს, რომ მაპატიოს ჩემი ცოდვა. სთხოვე ჩვენს ტატლი იესოს, [რადგან] ისმენს შენს ლოცვას, მდაბალი ლოცვა გაქვს. მაპატიეთ, ჩვენს მოძღვარს ვეურჩებოდი, სიტყვა მივეცი, ტყუილი გამოდგა, ამიტომაც ჩემს თავზე მოვიდა ჩემი ეს ტანჯვა-წამება ჩემი ამპარტავნების გამო. […]9
მე არაფერი მინდა, მიჩვეული ვარ, მხოლოდ ჩვენმა ტატლი იესომ სამოთხეში შემიყვანოს, იქიდან არ გამომაგდოს, ეს მინდა. ვტირი, [რომ] მაპატიოს ჩემი ცოდვა, ვამბობ [ლოცვას], ვადიდებ სიბერის ჟამს და ესეც მოვიდა. ვმადლობ ჩვენს ტატლი იესოს, ოღონდ ვცხონდე, წავიდე სამოთხეში, შენი ლოცვით, ეს მინდა. ამ ცხოვრებაში რაც კი კარგი თუ ავია, ყველაფერი ჩაივლის, მხოლოდ მოთმინება [უნდა]. ღმერთმა ძალა მოგვცეს.
[5] მორჩილ ბარბარეს
[სავარაუდოდ, 1945 წლის ზამთარი]
ბარბარე,
ბერ პართენის ცოტა ციპუროს11 ვუგზავნი. სუფთაა, ცოტ-ცოტა რომ სვას ხოლმე, ახლა, როცა ცივა. ცოტა ტკბილეულის გამოგზავნაც მინდოდა, მაგრამ ყური მტკივა და გაკეთება ვერაფრისა შევძელი, დიონისე კი დილით მიდის და გვიან ბრუნდება.
შემდეგისთვის მოვემზადები, [ახლა] მაპატიოს. გთხოვ, არ დაგავიწყდეს ბოთლი დამიბრუნო, და ჩანთა. ყველა შენს ნივთს კარგად გაუფრთხილდი, რადგან დავიწყება იცი. ყველაფერი წყნარად მოაგროვე ხოლმე. [ნუ დაგავიწყდება] ბოთლი, რადგან სხვა არ მაქვს.
ისევ გემთხვევი. ვტირი, ჩემო შვილო, სად უნდა მოხვიდე ამ ჯოჯოხეთში? მანდ ხარ და ბედნიერი ვარ. მაგრამ რა იქნება?
დედებს – ათანასიასა და აღაპიას ჩემი მდაბალი პატივისცემა გადაეცი. ჩემი უღირსებით ვუსურვებ, რომ იცოცხლონ, უფალსა და ადამიანებს სათნო-ეყონ. დიდად ვალდებული ვარ მათი, რამეთუ განათლებენ თავიანთი კარგი სიტყვებით. ყოვლადსახიერმა ღმერთმა სამოთხე მიანიჭოს მათ, რადგან მე არ შემიძლია საკმარისად გადავუხადო მადლობა, არც სიტყვით, არც საქმით.
სხვა დროს მათ[აც] მივწერ; ვთხოვ, რომ ყოველთვის ილოცონ შენთვის, საწყლისთვისაც და უბედური დიონისესთვისაც და ჩემთვის, ყველა ადამიანზე უღირსისთვისაც. აგრეთვე, თქვენი მამისთვის, რომელიც მე დავღუპე. ილოცონ, რომ ღმერთმა ისე განაგოს, რომ დადგეს დრო, როცა წუთისოფლის ცდუნებას გაეცლები.
ისევ გემთხვევი.
ჩემო ბარბარე, ვწერ და თვალთაგან ცრემლებს ვღვრი. მაგრამ რას ვიზამთ? ქრისტემ მიგვაღწევინოს მაგ დრომდე.
შენიშვნები
- ქვემოთმოევანილ ეპისტოლეებს, რომლებიც მღვდელმონაზონ პანტელეიმონ მიტროპულოსს ამერიკაში გაუგზავნა მონაზონმა ევპრაქსიამ (1890-1964), წმიდა იოსების სულიერმა ასულმა, იმიტომ ვაქვეყნებთ (ნაწილობრივ), რომ მათში დიდი ბერის პიროვნებას ეხება. მონაზონი ევპრაქსია პონტოს ქალაქ ტრაპიზონში დაიბადა. მცირე განათლების მქონე, ეპისტოლეებში პონტოურ დიალექტს იყენებს. ხელს აწერს „ევპრაქსია მონაზონი, იოსებისა“. მის შესახებ იხ. შესავალი, გვ. 46-47. ↩
- სიტყვა „ტატლი“, რომელსაც დედა ევპრაქსია ხშირად მიმართავს (ისევე, როგორც სხვა მცირეაზიელი მონაზვნები), თურქულად „ტკბილს“ ნიშნავს. ↩
- გულისხმობს ცოდვისმიერი ვნებების მიმართ მკვდარს. ↩
- სავარაუდოდ, დიდი ბერი იმას გულისხმობდა, რომ ეკონომიკურადაც უზრუნველყოფდა, თუნდაც ამისთვის ფიზიკური მუშაობა – საერო სამსახურში მოწყობაც კი დასჭირვებოდა. ↩
- ალბათ, გულისხმობს: „ჩემ გამო დაავადდა“. ↩
- იისუმ – „იესუ“ პონტოურ დიალექტზე. ↩
- პანაიოტი — კაცის სახელი, რომელსაც ღმრთისმშობლის პატივსაცემად არქმევენ (მომდინარეობს სიტყვიდან „ყოვლადწმიდა“). არსებობს ქალის შესაბამისი სახელიც „პანაიოტა“.ორივე ძალიან გავრცელებულია საბერძნეთში. ↩
- გულისხმობს გარდამოხსნის ხატს. ↩
- იმ ცილისწამებას გულისხმობს, რომელიც ბერმა იოსებმა დაითმინა სოფ. გეროვიცის წმ. ნიკოლოზის მონასტრის საქმის გამო (იხ. შესავალი, გვ. 24-25 და ეპისტოლე 19. გვ. 115). ↩
- ბერის დამ, ერგინამ ეს ეპისტოლე გაუგზავნა თავის ქალიშვილ ბარბარეს, თრაკიულ-მაკედონელთა მიძინების მონასტრის მორჩილს. ერგინას ერთი მხრივ, სურდა, რომ მისი შვილი მონაზონი გამხდარიყო, მეორე მხრივ კი დედური გრძნობები ამის უფლებას არ აძლევდა. ამიტომ ცდილობდა დაერწმუნებინა ბარბარე დაბრუნებულიყო და მონაზვნად შინ, დედის სიახლოვეს ეცხოვრა. ბერი იოსები ეპისტოლე 34-ში (იხ. გვ. 154) წერს: „ნუთუ შესაძლებელია, ან გაგონილა სადმე, რომ ქალი თავისი დედის გვერდით გამხდარიყოს მონაზონი?!“ ხოლო როდესაც შეიტყო, რომ ერგინა შვილის აღკვეცაზე არ მივიდა, მკაცრად გაკიცხა და (იხ. ეპისტოლე 35, გვ.156-160). ↩
- ციპურო – ყურძენზე დამზადებული ბერძნული არაყი. ↩
evqaristia.ge რელიგიური სიახლეები