საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
კვარაცხელია წერს, რომ ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია.
„მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“, — წერს კვარაცხელია.
- მასობრივი პროევროპული და ანტისამთავრობო დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ “ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
- 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“.
- კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა სპონტანური აქცია „ქართული ოცნების” ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში.
- სპეცრაზმმა 28 ნოემბერს დაარბია და დაშალა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია, 29 ნოემბრის გამთენიისას კი რუსთაველის გამზირზე დარჩენილ მომიტინგეთა მცირე რაოდენობას სასტიკად გაუსწორდა.
- ამის მიუხედავად 29 ნოემბერს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, ისევე როგორც სხვა ქალაქებში.
- სპეცრაზმმა იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და მოქალაქეზე.