WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრების შეთქმულების მუხლით.

გამოძიების ვერსიით, ის ჯანდაცვის სფეროში 1.3 მილიარდი დოლარის თაღლითური სქემით მიღებული უკანონო შემოსავლების გათეთრებაში მონაწილეობდა. დეპარტამენტის ცნობით, ეს მოხდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მოქალაქე შტატებში უკანონოდ იმყოფებოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ, გუგავამ შეერთებული შტატები 2025 წლის ივლისში დატოვა“.

საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით, 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში ერეკლე გუგავა ფიქტიურად ფლობდა პენსილვანიაში მდებარე სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას – ND Medical Solutions, LLC-ს (ND Medical). ამ კომპანიის მეშვეობით ის ფულის გამთეთრებლის როლს ასრულებდა საზღვარგარეთ – რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბაზირებული დანაშაულებრივი ორგანიზაციისთვის.

განცხადებაში წერია, რომ ამ ჯგუფმა შეიმუშავა მრავალმილიარდიანი თაღლითური სქემა, რომლის მიზანიც Medicare-ისა და სხვა სადაზღვევო კომპანიებისგან თანხების მოპარვა იყო. გამოძიების მიხედვით, სადაზღვევოებმა კომპანიას დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს. სქემის ფარგლებში, გუგავა ხელს უწყობდა თაღლითური გზით მოპოვებული თანხების განთავსებასა და გადარიცხვას.

ეს გახდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ჯანდაცვის სფეროში თაღლითობის ყველაზე მასშტაბური საქმე, რომელსაც ოპერაცია „Gold Rush“ (ოქროს ციებ-ცხელება) ეწოდა.

საბრალდებო დოკუმენტების თანახმად, თაღლითური მოთხოვნები ნაწილობრივ ეყრდნობოდა მასაჩუსეტსის, ახალი ინგლისის რეგიონისა და მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით მცხოვრები მოქალაქეების მოპარულ მონაცემებს.

დეპარტამენტი ამბობს, რომ დაზარალებულების ნაწილმა, მათ შორის ხანდაზმულმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებმა Medicare-სა და მის კონტრაქტორებს მას შემდეგ მიმართეს, რაც სადაზღვევო ანაზღაურების ფორმები მიიღეს.

დოკუმენტებში ეწერა, რომ მოქალაქეებმა ვითომ და მიიღეს ისეთი სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც რეალურად არასდროს მოუთხოვიათ, ეს გამოწერილი იყო უცნობი ექიმების მიერ და მიწოდებული ND Medical-ისგან – კომპანიისგან, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი იცოდნენ.

ფულის გათეთრების შეთქმულების მუხლი 20 წლამდე პატიმრობას, 3 წლამდე ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლებასა და 500,000 დოლარამდე (ან გათეთრებული თანხის ორმაგი ოდენობის) ჯარიმას ითვალისწინებს.