10-მდე გაიზარდა ოდესასთან სატვირთო გემზე დარტყმის შედეგად დაღუპული მეზღვაურების რიცხვი

18 hours ago 7

20 ივლისს დილით დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკრაინის ოდესის პორტის მახლობლად, შავ ზღვაში, სადაც წინა საღამოს სარაკეტო დარტყმა იყო გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ სატვირთო გემზე GOLDEN LEO. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, გემს სიმინდი მიჰქონდა.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, 20 ივლისს დილით უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ დაადასტურა დაკარგულად მიჩნეული 4 მეზღვაურის დაღუპვის ფაქტი. მანამდე ცნობილი იყო, რომ დაიღუპა გემზე მყოფი 6 მეზღვაური - სირიის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები.

საერთო ჯამში ათ დაღუპულს შორისაა უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი, რომელიც დარტყმის დროს გემზე იმყოფებოდა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 19 ივლისს, გვიან საღამოს შეტევა იყო სამი ფრთოსანი რაკეტით. დარტყმის მომენტში სატვირთო გემი GOLDEN LEO, რომლის მფლობელი ქვეყანა თურქეთია, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გადიოდა.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ცნობით, გემზე გაჩენილი ხანძარი 20 ივლისის დილისთვის სრულად ლიკვიდირებული იყო. ევაკუირებულია ეკიპაჟის 8 წევრი, რომელთაგან ორი დაჭრილია.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო სატვირთო გემებზე შეტევებით რუსეთი ომის დანაშაულს სჩადის და ძირს უთხრის შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა 20 ივლისს დილით განაცხადა, რომ რუსეთმა ოდესაზე ისევ მიიტანა სარაკეტო შეტევა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. კონკრეტული ობიექტები ლისაკს არ დაუსახელებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 20 ივლისს დილით გამოქვეყნებული მოკლე ცნობით, ღამით ოდესის პორტში დაარტყეს უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი საწვავის რეზერვუარებს. სამოქალაქო გემზე რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია.

  • მხოლოდ ამ ზაფხულის დასაწყისიდან ოდესის ოლქში სატვირთო გემებზე ათამდე მსხვერპლის გამომწვევი შეტევა იყო.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ ოდესის ოლქის პორტებში მისი სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები.
  • თავის მხრივ, უკრაინა ხშირად ავრცელებს ცნობებს შავ და აზოვის ზღვებში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე დარტყმის შესახებ.
სრულად წაკითხვა